დალაქიშვილი: ავთანდილ კასრაძე ოცნების ინტერესებს იცავს, GITA-სთან აღარ ვითანამშრომლებ

News.ge 1 კვირა წინ 12
დალაქიშვილი: ავთანდილ კასრაძე ოცნების ინტერესებს იცავს, GITA-სთან აღარ ვითანამშრომლებ

სტარტაპ კერნელის დამფუძნებლის, ბექა დალაქიშვილის თქმით, GITA – Tech Park-ის ხელმძღვანელთან, ავთანდილ კასრაძესთან აღარ ითანამშრომლებს, რადგან მისივე თქმით, კასრაძე “ქვეყნისა და ეკოსისტემის ინტერესების ნაცვლად იცავს ქართული ოცნების ინტერესებს”. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დალაქიშვილმა აღნიშნული პარასკევს GITA-ს ხელმძღვანელთან, ავთანდილ კასრაძესთან სტარტაპერების შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა.
“პარასკევს სტარტაპებმა გავმართეთ პროტესტი ტექნოპარკში, სადაც ასევე შევხვდით GITA • Tech Park-ის ხელმძღვანელობას.
სამწუხაროდ, ჯიტა, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, გადაქცეულია პარტიულ სტრუქტურად, ხოლო მისი ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ქვეყნისა და ეკოსისტემის ინტერესების ნაცვლად იცავს “ქართული ოცნების” ინტერესებს.
(მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბევრი მეგობარი, ჯიტას თანამშრომელი, მხარს უჭერს თავისუფლებას და აქციებზეც დგას ჩვენს გვერდით) მე, როგორც მოქალაქე ვფიქრობ რომ ‘ქართული ოცნება’ საქართველოს ინტერესების მტერია.
და ვინც ამ რეჟიმს ემსახურება ასევე ღალატობს საქართველოს შესაბამისად, სანამ ჯიტა დარჩება პარტიულ სტრუქტურად და ვიდრე მისი ხელმძღვანელი იქნება რეჟიმის მსახური, მე არ ვაპირებ ვითანამშრომლო ჯიტასთან ან ვიყო მასთან აფილირებული:
– ჯიტას ეგიდით ან დაფინანსებით არ გავუწევ მენტორობას დამწყებ სტარტაპებს (ამას ძირითადად ინდივიდუალურად ვაკეთებ ისედაც და თუ ვინმეს დახმარება სჭირდება ყოველთვის შეუძლია დამიკავშირდეს);
– არ გავაკეთებ განაცხადს და არ მივიღებ არანაირ დაფინანსებას/გრანტს ან სხვა ფინანსურ სარგებელს ჯიტასგან;
– არ მივიღებ მონაწილეობას ჯიტას მიერ ორგანიზებულ არანაირ ღონისძიებაში.
აქვე დავაზუსტებ, რომ ეკოსისტემის ზომიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავრჩე ეკოსისტემის აქტიურ წევრად და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მას განვითარებაში, მომიწევს ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სადაც, რაიმე ფორმით ჯიტაც იქნება წარმოდგენილი.
ცხადია, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის უფრო არაკომფორტული და ‘საზიანო’ იქნება ვიდრე ჯიტასთვის, მაგრამ ეს არის ჩემი პროტესტის დაფიქსირების და გაფიცვის ერთგვარი ფორმა”, – განაცხადა ბექა დალაქიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია