დათა თავაძე: რაც გინდათ ის გამოიგონეთ ჩემზე და ჩემს მეგობრებსა და კოლეგებზე, რაც გინდათ ის შეთხზეთ და გაავრცელეთ, ერთმანეთს დააჯერეთ… მაგრამ მაინც გეტყვით, რომ …

News.ge 3 საათი წინ 2
დათა თავაძე: რაც გინდათ ის გამოიგონეთ ჩემზე და ჩემს მეგობრებსა და კოლეგებზე, რაც გინდათ ის შეთხზეთ და გაავრცელეთ, ერთმანეთს დააჯერეთ… მაგრამ მაინც გეტყვით, რომ …
“რაც გინდათ ის გამოიგონეთ ჩემზე და ჩემს მეგობრებსა და კოლეგებზე, რაც გინდათ ის შეთხზეთ და გაავრცელეთ, ერთმანეთს დააჯერეთ, მერე თუ გინდათ, კოცონის გარშემოც იცეკვეთ და გიჟებივით იხარხარეთ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ –
არ უნდა შეგეწყვიტათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, არ უნდა გეცემათ ახალგაზრდები, არ უნდა დაგერბიათ, დაგეჭირათ, გეწამებინათ და დაგემცირებინათ არავინ, არ უნდა გამოგეკეტათ მტკიცებულებების გარეშე 50 ადამიანი, არ უნდა გეცადათ ხელოვანების მორჯულება, არ უნდა გაგეშვათ სამსახურიდან ნახევარი საქართველო პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ უნდა დაგემშიათ ხალხი, არ უნდა შეგეშინებინათ, არ უნდა გეთამაშათ ჩვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით!
არანაირი გამართლება ამას არა აქვს, არასოდეს არ ჰქონია და არასოდეს არ ექნება.
სულ რომ მეზღაპრეებად გადაქცეულებმა, ცეცხლის მფრქვეველ დრაკონად წარმომაჩინოთ, მაინც თქვენი და თქვენისთანების ბრალი იქნება ეს ყველაფერი და არა რამდენიმე ხელოვანის, რომლებსაც ეს ყველაფერი ცოტა არ მოგვეწონა, დიდი ბოდიში, არ დაგეთანხმეთ რაღაც-რაღაცეებში და გაჩუმება არასწორად მივიჩნიეთ…
სულ რომ მთელი საქართველო გაასაღოთ, რაღაც აბსურდული შეთქმულების თეორიებით, “აგენტად” და “მოსყიდულად” და “საიდანღაც დაფინანსებულად”, მაინც ვერ გადაფარავთ ამით თქვენს მართლა მოსყიდულ და გაყიდულ და გაჩუმებულ და კონფორმიზმში ჩაძირულ მართლა ლაქიებსა და ნამდვილი აგენტების უზნეობას – მეტისმეტად თვალშისაცემია მათი მიზნები და ქმედება, რომ რამით გადაფარვა შეძლოთ.
ნუთუ მართლა ასეთი საშიშია “თეატრის გარკვეული ნაწილი” (როგორც თქვენი პროპაგანდა ამბობს), რომ ვერ წყნარდებით მაშინაც, როცა უკვე დიდად არც არავინ აღარ უნდა გეჩხირებოდეთ ყელში?
ხომ მოსპეთ “ახალი თეატრი”?
ხომ დახურეთ “სახელოსნო”?
კიდევ რა უნდა ქნათ?
ციხეებში სანამ არ გვნახავთ ვერ მოისვენებთ?
დასისხლულები გინდათ გვნახოთ?
თუ იქნებ, ბარეღამ ერთიანად გაგვიყვანოთ სადმე და მიგვაცხრილოთ? თქვენც ამოისუნთქავდით და რა ვიცი, მგონი უკვე ჩვენც!
მეტსაც გეტყვით, მე შეგიძლიათ, რომ გამაჩუმოთ კიდეც. ალბათ, არ იქნება რთული, მაგრამ მთელ საქართველოს რას უპირებთ, ეს მართლა მაინტერესებს? ასე უნდა დევნოთ ყველა სათითაოდ? ესაა თქვენი გეგმა და ხედვა? გგონიათ, ეს უნდათ თქვენს მხარდამჭერებს? გგონიათ, ეს არის მათი დაკვეთა? აი, აქ ცდებით ყველაზე მეტად.
მოვა დრო, მართლა მოვა, და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. შეიძლება ვერც მე და ვერც თქვენ ვერ მოესწროთ ამ დროს, მაგრამ მომავალში მაინც უნდა გაიხედოთ – ეს თქვენი საქმეა! – და დაინახავთ, რომ თქვენი დანატოვარი, არის უდაბნო და კრიმინალური ბანდფორმირებების უკონტროლო თარეში და ა ღ ა რ ა ვ ი ნ, ვისაც ეს ქვეყანა უფრო უყვარდა, ვიდრე თავისი პირადი სარგებელი, ან ვისაც საერთო კეთილდღეობის გარეშე ვერ წარმოედგინა კერძო კეთილდღეობის განაღდება,” – წერს რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია