ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნა
არის ფორმალური
გადაწყვეტილება, რომელიც
არ აჩქარებს ქვეყნის
გაწევრიანებას
ევროკავშირში, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ დღევანდელ
ბრიფინგზე
განაცხადა. როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, მოლაპარაკებების
გახსნის საკითხის დღის
წესრიგიდან დროებით
მოხსნას ექნება ერთადერთი
პრაქტიკული შედეგი, ამ
საკითხს ქვეყნის
დასაშანტაჟებლად და
საზოგადოების გასახლეჩად
ვეღარავინ
გამოიყენებს.„მინდა,
გამოვეხმაურო გუშინ
განვითარებულ მოვლენებს.
როგორც მოგეხსენებათ,
გუშინ მმართველი პარტიის
სახელით გაიმართა
ბრიფინგი, სადაც კიდევ
ერთხელ დავადასტურეთ
ჩვენი ერთგულება
ტრადიციული ევროპული
ფასეულობებისა და
საქართველოს ევროპული
კურსის მიმართ. ასევე,
კიდევ ერთხელ
დავადასტურეთ ჩვენი
მზაობა, 2028 წლისთვის
შევასრულოთ ასოცირების
დღის წესრიგითა და
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90
პროცენტზე მეტი. სწორედ
აღნიშნული ვალდებულებების
შესრულება არის გზა
ევროკავშირში საქართველოს
სრული ინტეგრაციისკენ.
გუშინ კიდევ ერთხელ
დავუდასტურეთ
საზოგადოებას, რომ 2030
წლისთვის საქართველო
იქნება ყველა კანდიდატ
ქვეყანაზე მეტად მზად
ევროკავშირში
გასაწევრიანებლად.იმავდროულად,
ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი
გადაწყვეტილება, 2028 წლის
ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ ევროკავშირთან
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი. ასევე, 2028 წლის
ბოლომდე უარი ვთქვით
ყოველგვარ საბიუჯეტო
გრანტზე ევროკავშირის
მხრიდან.კიდევ ერთხელ
გვინდა განვმარტოთ, რომ
მოლაპარაკებების გახსნა
არის ფორმალური
გადაწყვეტილება, რომელიც
არ აჩქარებს ქვეყნის
გაწევრიანებას
ევროკავშირში. ამის
საუკეთესო დასტურია
მონტენეგრო და სერბეთი,
რომლებსაც მოლაპარაკებები
შესაბამისად 2012 და 2014 წელს
გაუხსნეს, თუმცა, ამას
ევროკავშირში მათი
გაწევრიანება ოდნავადაც
არ დაუჩქარებია. ამის
საუკეთესო ასევე
მაგალითია თურქეთიც,
რომელსაც მოლაპარაკებები
2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016
წელს საერთოდ შეუწყვიტეს.
ამ ფონზე, მით უფრო
მიუღებელია, რომ სრულიად
არაფრისმომცემი
მოლაპარაკებების გახსნის
საკითხი ჩვენი ქვეყნის
შანტაჟისა და
საზოგადოების გახლეჩის
ინსტრუმენტად
გამოიყენება. ამის
გათვალისწინებით, ჩვენი
მხრიდან მოლაპარაკებების
გახსნის საკითხის დღის
წესრიგიდან დროებით
მოხსნას ექნება ერთადერთი
პრაქტიკული შედეგი - ამ
საკითხს ქვეყნის
დასაშანტაჟებლად და
საზოგადოების გასახლეჩად
ვეღარავინ გამოიყენებს“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.