გურო დავითლიძე: ამას წინებზე მოსწავლე გამიხდა ცუდად შიმშილის გამო. გარეთ გავალ, თავბრუ მეხვევა და სუსტად ვარო, – მითხრა. გავუშვი. მერე აღმოჩნდა, რომ …

News.ge 3 დღის წინ 9
გურო დავითლიძე: ამას წინებზე მოსწავლე გამიხდა ცუდად შიმშილის გამო. გარეთ გავალ, თავბრუ მეხვევა და სუსტად ვარო, – მითხრა. გავუშვი. მერე აღმოჩნდა, რომ …
“ამას წინებზე მოსწავლე გამიხდა ცუდად შიმშილის გამო. გარეთ გავალ, თავბრუ მეხვევა და სუსტად ვარო, – მითხრა. გავუშვი. მერე აღმოჩნდა, რომ მშიერი იყო მოსული და ფული არ ჰქონდა თუნდაც ერთი ფუნთუშა რომ ეყიდა.
საავადმყოფოში გავყევი ახლობელს. არ მახსოვს რომელი საავადმყოფო იყო მაგრამ ლუბლიანაზე რომ ვიყავი ზუსტად მახსოვს. რეგისტრატურასთან ქალი იდგა. ასე, 50 წლის ალბათ და ტიროდა. თან განა ისე, ჩუმად და თავისთვის… მთელ ხმაზე ღრიალებდა იმის გამო, რომ ქმრის მკურნალობის ფული არ ჰქონდა.
ჭავჭავაძეზე ვეშვებოდი დაბლა რუსთაველისკენ. რაც თავი მახსოვს, სულ მასე დავხეტიალობ ქალაქს და იქვე, მზიურთან ბებო იჯდა ასე, 70-75 წლის. მივედი, საკვების ყიდვა შევთავაზე ( ამას იმიტომ არ ვწერ, რომ კაი ტიპი ვარ, ვინც მიცნობთ კი მიხვდებით) და შიმშილს ავიტან, წამალს თუ მიყიდი, ღმერთი დაგლოცავსო.
არ ღირდა წამალი ძვირი, შვიდი ლარი გადავიხადე მგონი.
რაც აცივდა, ჩემი თვალით ვხედავ ავტობუსში ამოსულ ადამიანებს გასათბობად.
ყოველდღე ვხედავ ბებოებს და ბაბუებს, ძლივს რომ მოათრევენ ხილით სავსე სათლებს დიდუბის ოკრიბიდან გასაყიდად. მთელი დღე მობუზულები რომ სხედან ქარში და წვიმაში იმის გამო, რომ თვიდან თვემდე კი არა, დღიდან დღემდე გაიტანონ თავი.
ახალგაზრდა ხარ, გასაქანი არ გაქვს; სტუდენტი ხარ, სწავლის შესაძლებლობა და ადამიანური, მონობისგან განცალკევებით მდგომი სამსახური არ გაქვს; ისწავლი, ფასი არ აქვს; მოხუცდები, სიკვდილი სანატრელი გიხდება; მოკვდები და შენს ოჯახს შეიძლება იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდეს, რომ დაგმარხოს.
ჩვენ რომ ვიყოთ ინდოეთი ვიტყოდი რომ აი, იმდენი ვართ, ვიღაც ასე აუცილებლად იქნება თქო მაგრამ არა, მეგობრებო, არ ვართ ბევრი და ჯიუტად მჯერა, ღმერთია მოწმე, რომ მართლა ჯიუტად მჯერა: საქართველოში არ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრობდეს ადამიანი.
მშიერი ბავშვები გინახავთ სკოლებში? მუცელი რომ აუწრიალდებათ და სირცხვილით თავს რომ დაბლა ხრიან.
მე ვიყავი ეგ ბავშვი. ჩემ თავზე გამოვცადე იმ ცივ 2000-იანებში ქრონიკული მუცლის წრიალი.
საჭმელს დიდხანს რომ ვიჩერებდი პირში და რომ მენანებოდა გადაყლაპვა, იმის გამო რომ მეტი არ იყო, ეგ ბავშვი ვიყავი.
ახლაც იქ ვართ.
ეს ყველაფერი რომ დაინახო, სკოლებში უნდა იარო, საავადმყოფოებში უნდა იარო, ავტობუსით უნდა იარო, გადაღლილი, ცხოვრებისაგან გაუბედურებული ხალხით სავსე მეტროში უნდა იარო და მიხვდები, რომ რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს და რომ ქვეყანას კი არა, მშიერი ბავშვის მუცელს დავემსგავსეთ – იმედებისგან, ოცნებებისგან და მიზნებისგან გამოცარიელებლ მუცელს.
ეგ ქვეყანა ვართ ახლა.
გამოსავალი?
გამოსავალი მხოლოდ ერთია:
ვინც არ უნდა იყოს იქ, სადაც ხალხის პრობლემები წყდება, პირველ რიგში ხალხისთვის უნდა იყოს და არა საკუთარი თავისთვის.
რაც თავი მახსოვს, ძალიან ცუდ დღეში იყო ქვეყანა, ძალიან ცუდ დღეშია ახლაც და ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ის შანსია, რომელიც უკეთესი მომავლის იმედს დაგვიტოვებს,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე გურო დავითლიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია