
ორი დღის წინ, სასამართლოს მიერ ოთხწელიწადნახევარ მისჯილი, 21 წლის მათე დევიძის ფოტოს გამზიარებელ ჩემს ერთ კოლეგას და მეგობარს სოლიდარობის გამომხატველ პოსტზე მიუწერეს: – სად იყავი როცა ნაციონალების დროს ახალგაზრდებს იჭერდნენო..
ჩემი მეგობარი ჟურნალისტი აღშფოთდა და სრულიად სამართლიანად.
თუკი ვინმე ხმას იღებდა იმ პერიოდში, მათ შორის უპირველესად სწორედ ის გუნდი იყო, რომელიც ჩემთან ერთად იმედზე მუშაობდა და არასრულწლოვანების, მოზარდების და ახალგაზრდების მიმართ მკაცრი მართლმსაჯულების გამო კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენდა. სხვათა შორის, ქართული ოცნების რიგებში პორტირებული იმ ხალხისგან განსხვავებით, რომლებიც მაშინ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას აქტიურად ახალისებდნენ, განურჩევლად სამიზნე ჯგუფებისა.
ამის შეხსენებას ნეტა თუ აქვს აზრი ვინმესთვის – აღარ ვიცი.. მაგრამ ამ შემთხვევამ – ფაქტობრივად არაფრის გამო, სიყვარულით, ნიჭით, პატრიოტიზმით სავსე, სიკეთის განსახიერება ბიჭის 4 ნახევარმა საპატიმრო წელმა და თითქმის იმავე ბრალდებებით გისოსებში გამომწყვდეული დანარჩენი ახალგაზრდების მოსალოდნელმა სასჯელებმა, პარალელურად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისთვის ათეულობით ადამიანის დევნამ, დაჯარიმებამ, დაპატიმრების მუქარამ და ქუჩაში ოცნების დეპუტატის მიმართ შორიდან გამოხატული, თუნდაც არასასიამოვნო შეფასების გამო ახალგაზრდების პატიმრობამ და ბევრმა სხვა ფაქტმა უფრო სხვა რამეზე დამაფიქრა:
ვარდების რევოლუციის ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა, მისი ღრმად გადგმული ფესვების ამოსაძირკვად და ქურდულ სამყაროსთან დასაპირისპირებლად, ზოგჯერ, სამართლებრივად ზედმეტად მკაცრი ზომები გამოიყენებოდა, ზოგი შემთხვევა კი სამართლებრივი ჩარჩოდან აშკარად გადიოდა. თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში მოხერხდა შედეგის მიღწევა, რომელსაც ობიექტურად ვთქვათ – ცოტა ვინმე თუ ელოდა. კრიმინალების თარეში, ადამიანების გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, რეკეტი, ქუჩებში, სკოლებში გარჩევები ან მთლიანად აღმოიფხვრა, ან მცირე რეციდივებიღა დარჩა.
უაღრესად გავლენიან კრიმინალურ სამყაროსთან დაპირისპირების რთულ პროცესში, თითოეული შემთხვევა, რომელიც მოზარდის, ან ახალგაზრდის მიმართ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს მიერ გამოვლენილ სიმკაცრეს და სასჯელის არაადეკვატურობას აჩვენებდა სააშკარაოზე სწორედ ჩვენ გამოგვქონდა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ვახდენდით და ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლებას პოლიტიკური ფასი უჯდებოდა.
სიმკაცრისა და სრულიად არაადეკვატური სასჯელების თვალსაზრისით იგივე პრეტენზიები მაქვს დღესაც, თუმცა აქ არის ერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი განსხვავება.
ოცნების მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა კრიმინალური სამყაროს, ან თუნდაც იმ ახალგაზრდების მიმართ მკაცრ ზომებში კი არ გამოიხატება, რომელთაც ფეხი დაუცდათ, რაღაც დანაშაული ჩაიდინეს და მათთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულია მეტი თავშეკავებულობით გამოირჩეოდეს, შეცდომის გამოსწორების შანსს აძლევდეს.. დღეს არაადეკვატურად მკაცრი კანონმდებლობა და მისი უპირობო აღსრულება მიმართულია იმ ახალგაზრდა მოქალაქეებისკენ, რომლებიც ,,რუსულ ერკემალს“ მყრალ პუტინისტურ ფარეხში ცხვრებივით არ მიყვებიან და პროტესტს გამოხატავენ.
ოცნება კრიმინალს და მასში მოზარდების ჩართვას ახალისებს. კრიმინალურ სამყაროსთან საარჩევნო კონტრაქტით, მოძალადე ახალგაზრდებისგან ხელშეუხებელთა კასტას ქმნის. პარალელურად, ამ მარბიელთა რაზმებით და სახელმწიფო ინსტიტუტებით იმ ახალგაზრდებს დასდევს, შეურაცხყოფს, ცემს, ასახიჩრებს, ემუქრება გაუპატიურებით, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, სწავლის, შრომის, მშობლების მოვლასთან ერთად ევროპული მომავლის გადასარჩენად იბრძვიან და ვერაფერი დაღლით, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს შესაძლებლობა დღეს თუ ქვეყანამ ხელიდან გაუშვა, ახალი შანსი ჩვენს თაობებს აღარ ექნება.
სპეცრაზმით, სუს-ით, პროკურატურით, სასამართლო კლანით, უსისხლო და უსინდისო პროპაგანდით ივანიშვილი იმათ ებრძვის ვინც ეს ქვეყანა უნდა ჩაიბაროს, ვინც ამ ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობას ყანწებით და ფარისევლური სადღეგრძელოებით კი არა – საქმით და თავგანწირვით იღებს.
აქ არის ზუსტად არათუ მსგავსება, მთავარი და ფუნდამენტური განსხვავება: – თუ მაშინ სიმკაცრის უკან იდგა მიზანი – სახელმწიფო დაეცვა კრიმინალისგან, დღეს სიმკაცრის უკან დგას მიზანი – ხელისუფლებამ, კრიმინალურ სამყაროსთან ერთად დაიცვას თავი საზოგადოებრივი აზრისგან.
დღეს, რეჟიმის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდების მიმართ მოქმედებს.
,,ყველანი ციხეში!” არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის ღერძი, რომლითაც ის კრიმინალს კი არ ებრძვის – კრიმინალად აქცევს პატრიოტიზმს საქართველოში და მათე დევაძის და მისი თანატოლი ქართველი ახალგაზრდობის თავისუფლების შეზღუდვისა და მომავლის ხარჯზე აშენებს რუსეთს. რაც გამორიცხულია გამოუვიდეს, რადგან “სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში” შესულები აუცილებლად იმარჯვებენ სიბნელეზე.. მარტივი მიზეზის გამო – ისინი თავად არიან სინათლე, რომლის წინაშეც წყვდიადი ყოველთვის იხევს უკან.