
“რატომ სურს ოცნებას ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში?
1. შიდა ლეგიტიმაცია – ქოცები ერთი მარტივი კითხვით მოგვისპობენ ყველა არგუმენტს – რატომ მონაწილეობს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში, თუ მათი მტკიცებით საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქვეყანაში არჩევნებით ხელისუფლების ცვლილების შანსი აღარ არსებობს?
2. ოპოზიციის კიდევ უფრო დისკრედიტაცია – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში უკვე აჩენს განწყობას, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები საუკეთესო შემთხვევაში ოცნების “სასარგებლო იდიოტები” არიან, უარეს შემთხვევაში კი გამყიდველი კოლაბორანტები.
თვითმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემთხვევაში ოცნება კიდევ ერთხელ თითს გაიშვერს ამ პარტიებისკენ და მოსახლეობას აჩვენებს, რომ ეს პარტიები და მათი ლიდერები უპრინციპო, გაყიდული პოლიტიკანები არიან.
და სამწუხაროდ, ეს არ იქნება ტყუილი.
3. დაბალი აქტივობა/გაყალბების ნაკლები საჭიროება – ოცნებამ იცის, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მინიმუმ 3/4 მხარს უჭერს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას.
შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შემთხვევაშიც, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ფაქტობრივად სრული უმრავლესობა არჩევნებზე საერთოდ არ მივა.
ასეთ შემთხვევაში ოცნება თვითმმართველობის არჩევნებს ძალიან მარტივად მოიგებს. საკუთარ ამომრჩეველს და ადმინისტრაციულ რესურსს მიიყვანს საარჩევნო უბნებზე, მაშინ როდესაც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არჩევნებზე საერთოდ არ მივა.
შედეგი – გაუყალბებლადაც კი, თითოეულ მუნიციპალიტეტში ოცნება მინიმუმ 70%-ით მოიგებს.
4. შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების შესაძლებლობა – ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ოცნება შექმნის ილუზიას, რომ დაძლია ის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც უკვე წელიწადზე მეტია იმყოფება.
ჩვენ ვერ ვიგებთ რატომ უნდა მიიღო ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც წინასწარ გაყალბებულია და ამას მითუმეტეს ვერ გაიგებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
ოცნების არაღიარება საქართველოს მამაცი მოქალაქეების 200 დღიანი ჯიუტი პროტესტისა და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირების შედეგია.
არჩევნების ბოიკოტირებაზე უარის თქმა, მაღალი ალბათობით, დასავლეთის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების და შესაბამისად, ოცნების რუსული რეჟიმის საერთაშორისო აღიარების საფუძველი გახდება.
კიდევ ერთხელ განვმეორდები – ოპოზოციური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ყველაფერს ან ვერ ხედავენ ან ხედავენ და გამიზნულად თამაშობენ ოცნების თამაშს, სასარგებლო იდიოტები და/ან რეჟიმის კოლაბორაციონისტები არიან.
პირობას ვდებ, რომ ეგეთ პოლიტიკურ ძალებს და მათ ლიდერებს არ გავახარებ არსად.
ჩემთვის ასეთი პარტიები ოცნებაზე ნაკლები ბოროტება არ არის და ყველაფერს ვიზამ, რომ ძალიან მალე სამუდამოდ ჩაირეცხონ,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი .