პოეტი, მთარგმნელი და გამომცემელი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გახდა. იგი ასოციაციის 128-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქართველი, მეოთხე ქალი და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. გვანცა ახალ პოზიციაზე საქმიანობას ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.
გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გამომცემლები, სფეროს ექსპერტები მსოფლიოს 81 ქვეყნის 101 ორგანიზაციიდან, გვანცა ჯობავამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო:
“დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება გავმხდარიყავი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ისტორიაში მეოთხე ქალი პრეზიდენტი და პირველი პრეზიდენტი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ევროპული ქვეყნიდან, საქართველოდან. უპირველეს ყოვლისა მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ასოციაციის მოქმედ პრეზიდენტ კარინი პანზას. უზომოდ მადლიერი ვარ მისი, პროფესიული გამოწვევების დროს უპირობო მხარდაჭერის, მეგობრობისა და პროფესიონალიზმისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა ასოციაციის ბრწყინვალე გუნდზეც. ხოსე, ჯეიმს, ვერა, ოლივერ, თომას, თქვენი თავდადება და პროფესიონალიზმი შეუფასებელია! მადლობა ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის წევრ გამომცემლებს ენთუზიაზმისა და პროფესიონალიზმისთვის.
ჩემი უძველესი ქვეყნის ისტორია სავსეა ომიანობით, თუმცა მე-12 საუკუნე იყო გამონაკლისი – „ოქროს ხანა“. სწორედ მაშინ მართავდა საქართველოს ქალი, თამარი, რომელიც იწოდებოდა მეფედ და არა დედოფლად. თამარ მეფე ჩვენში ცნობილია იმითაც, რომ სწორედ მან გააუქმა სიკვდილით დასჯა. ჩემთვის თამარ მეფე სიმბოლოა ქალი ლიდერის და სწორედ ამიტომ ჩემთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა ვისურვო, რომ ვიხილო მეტი ქალი პროფესიონალი როგორც ჩვენი ასოციაციის აღმასრულებელ თუ სხვა კომიტეტებში, ისე სხვადასხვა ქვეყნის საგამომცემლო ინდუსტრიების მმართველ პოზიციებზე. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ საზოგადოებას გენდერული თანასწორობის მაგალითი მივცეთ.
ახლახანს ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, მიიღო კანონი ელგებეტექიუ პროპაგანდის წინააღმდეგ და ამით გარკვეულწილად ცენზურაც დააკანონა. სამიოდე წლის წინ რომ გეკითხათ, ვერავინ დამაჯერებდა, რომ ასეთი კანონი შეიძლება ჩემს ქვეყანაშიც მეხილა, თუმცა ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერება ერთბაშად არ ხდება, ის გარკვეულ ეტაპებს გადის. სწორედ ამიტომ თავდაპირველად რთულია შეიცნო ავტოკრატიის პირველი ნიშნები. ქართულმა საგამომცემლო-ლიტერატურულმა სექტორმა აირჩია საერთო მიზნისთვის გაერთიანებისა და დაუმორჩილებლობის, ბოიკოტისა და ბრძოლის გზა. მინდა სხვებსაც, ვისთვისაც უცხო არაა მსგავსი სირთულეები, მოგიწოდოთ გაერთიანდეთ და შეებრძოლოთ ყველაფერს, რაც თქვენს პროფესიულ თავისუფლებასა და კეთილსინდისიერებას ზღუდავს. ბოლო წლების პოლიტიკურმა გამოწვევებმა მთელ მსოფლიოში, ომებმა, ავტოკრატიული რეჟიმების გაძლიერებამ დაგვანახა რამდენად ძლიერია ის იარაღი – წიგნი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ და რამხელა ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია ცივილიზებული სამყაროს განვითარებაზე. დაგვანახა, რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. განათლების გავრცელებითა და წიგნის კითხვის პოპულარიზაციით, შეგვიძლია გავაღვივოთ სიყვარული, გავაჩინოთ ემპათია, გავაძლიეროთ დემოკრატიული ღირებულებები, ვებრძოლოთ პროპაგანსა და დეზინფორმაციას. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი გავაერთიანოთ ჩვენი ძალები ჩვენი ასოციაციის ორი საყრდენის, საავტორო უფლებებისა და გამოცემის თავისუფლების დაცვისთვის. საავტორო უფლებების დაცვა ჩვენი სექტორის წარმატების მთავარი გარანტია. გამოცემის თავისუფლების გარეშე კი ჩვენი პროფესია უბრალოდ აზრს კარგავს.
მიმდინარე კვირაში ცალკეული ქვეყნები აკრძალული წიგნების კვირეულს აღნიშნავენ, რაც შესაძლებლობაა საჯაროდ ვისაუბროთ იმ ათასობით წიგნზე, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მკითხველამდე მისვლა კვლავაც ეკრძალებათ. ეკრძალებათ მათთვის სიყვარულის, ემპათიის, სიკეთის, მშვიდობის, თავისუფლების გაზიარება. როგორც თქვენმა ახალმა პრეზიდენტმა, მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მამაცი კოლეგებისა თუ ავტორების დასაცავად, მსოფლიოს უამრავ წერტილში თავისუფლება რომ აქვთ შეზღუდული და ან მათ სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრება? კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს საავტორო უფლებას პატივი სცენ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა და რომ ის გაძლიერდეს ჩვენი კანონმდებლების მიერ?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე უზარმაზარია. მოუთმენლად ველი, ვიმუშაო თქვენთან ერთად ამ პასუხისმგებლობის გასამართლებლად.”