გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსდგა

Civil Georgia 1 დღე წინ 18
გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსდგა

ოპოზიციის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2019-2021 წლებში და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ამჟამინდელი ლიდერი, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე წარსდგა. სხვა საკითხებთან ერთად, გახარია იმის გამოც დაიბარეს, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. „გავრილოვის ღამეს“, მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის შესახებ მიეცა ჩვენება. იმ დროს გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

გახარია კომისიის წინაშე გამოცხადების მიზეზს ასახელებს

გახარიას პარტია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სავალდებულო 5%-იანი ბარიერი გადალახა, ერთადერთი ოპოზიციური ძალაა, რომელმაც ოფიციალურად არ დატოვა მანდატები, თუმცა უარი თქვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობის აღიარებაზე. მისი გადაწყვეტილება, გამოცხადდეს კომისიის წინაშე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს უთანხმოებას სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რომელთაგან ბევრს უკვე უჭირს მისთვის ნდობის გამოცხადება.

„მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენს დეპუტატის უფლებამოსილებებში“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. „ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“.

საპასუხოდ, გახარიამ შესავალ სიტყვაში განაცხადა: „მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“.

მან წულუკიანის ადრინდელი განცხადება გაიხსენა, რომლის თანახმადაც საქართველოს გმირი გიორგი ანწუხელიძე „უაზროდ“ დაიღუპა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პიარ კამპანიის გამო. „მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომისიას ვაღიარებ“, – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ იგი ყველაფერს გააკეთს იმისათვის, რომ სადაც შეძლევს თავისი განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.

2019 წლის 20-21 ივნისი – მომიტინგეების ძალადობრივი დარბევა

თითქმის ექვსსაათიანი გამოკითხვის დროს, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე 20-21 ივნისის დარბევის დროს შესრულებული როლის თაობაზე ეკითხებოდნენ. დარბევას წინ უძღოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა და რომლის დროსაც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დელეგატებს რუსულად მიმართა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ სათანადოდ ვერ გამოიძია პოლიციის ძალადობა.  

გახარიამ განაცხადა, რომ კომისიამ ასევე უნდა დაიბაროს ბიძინა ივანიშვილი და ის ადამიანები, ვინც გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა, მათ შორის გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მან დასძინა, რომ ამ ადამიანების მოსმენის გარეშე, კომისია მხოლოდ „ნახევარ სიმართლეს” იტყვის.

გამოკითხვისას გახარიამ აღიარა, რომ გასცა ბრძანება მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ არც მას და არც მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება არ მიუციათ. დარბევის დროს პოლიცია რეზინის ტყვიებს ესროლა მომიტინგეებს სახეებში დამიზნებით, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება, გახარიამ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ ასეთი ბრძანება საერთოდ გაცემული იყო და ივარაუდა, რომ პოლიცია შესაძლოა დამოუკიდებლად მოქმედებდა თავდაცვის მიზნით.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც გაიგო რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მან ბრძანება გასცა, რომ მხოლოდ მაშინ გამოეყენებინათ ისინი, როდესაც პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.

როდესაც გახარიამ აღნიშნა, რომ პოლიციამ შესაძლოა რეზინის ტყვიები თავის დასაცავად გამოიყენა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა მას უთხრა, რომ მისი ლოგიკით, იგი ამ აქციებში ნახევარ საქართველოს მოკლავდა, რითიც უნებლიედ აღიარა  წინააღმდეგობის მასშტაბები, რომლის დაკნინებასაც მმართველი პარტია ხშირად ცდილობს.

წულუკიანმა განაცხადა, რომ გახარია მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როგორც კი შეიტყო, რომ აქციის მონაწილეები დასახიჩრდნენ. გახარიამ, საპასუხოდ, აღნიშნა, რომ იმ პირებს, ვინც გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ. მან ასევე განაცხადა, რომ მან პარლამენტიდან სატელეფონო ზარები მიიღო და მასზე ზეწოლა განახორციელეს, რომ ქვეყანაში შემოეშვა არა მარტო გავრილოვი, არამედ სხვა სადავო ფიგურებიც. მას არ დაუკონკრეტებია, ვისგან მიიღო ზარები.

ჩორჩანას პოლიციის საგუშაგო

კომისია ასევე შეეხო 2019 წლის კრიზისს, რომელიც ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს უკავშირდებოდა. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საგუშაგოს მოწყობა დაიწყო.

IPRM-ის შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისს ულტიმატუმი წაუყენეს და საგუშაგოს მოხსნას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ქმედებებითა და IPRM-ის ფორმატის ჩაშლით იმუქრებოდნენ.

თავის სიტყვაში, გახარიამ საგუშაგოს აშენების მოტივად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, მათ შორის გზების გაფუჭება, რაც ტყიან ტერიტორიაზე პატრულირებას აფერხებდა, და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახალი „სასაზღვრო ნიშნების“ გამოჩენა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

კომისიის წევრმა ალექსანდრე ტაბატაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ, ჰკითხა გახარიას, იყო თუ არა ეს ნაბიჯი მთავრობასთან შეთანხმებული და აღნიშნა, რომ სუსი საგუშაგოს გახსნის „კატეგორიული წინააღმდეგი“ იყო.

საპასუხოდ, გახარიამ განაცხადა, რომ საგუშაგოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და დასძინა, რომ პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„როგორ შეიძლება ამხელა ღონისძიება განხორციელებულიყო და არ ცოდნობა ან პრემიერს, ან სუსს. რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა“, – აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საგუშაგოს სტრატეგიულ აუცილებლობას, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მაშინდელი დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ჩორჩანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულა „1922 წლის ყალბი რუკის“ გამოყენებით. გახარიამ განაცხადა, რომ ბიბილოვის ხელახალი არჩევნების წარუმატებელი კამპანია ტერიტორიულ გაფართოებას ეფუძნებოდა.

„მისი მთელი საარჩევნო კამპანია იყო დაფუძნებული იმაზე, რომ თუ [ედუარდ] კოკოითიმ მოგვიტანა დამოუკიდებლობა, მე უნდა გავაფართოვო სეპარატისტული რეგიონის საზღვრები“, – განაცხადა გახარიამ. „ამ გაფართოებისთვის იყენებდა ზუსტად იმ 1922 წლის რუკას, რომლითაც პირველი მიადგნენ ჩორჩანას“, – განაცხადა მან.

მას შემდეგ, რაც გახარიამ აღნიშნა, რომ საგუშაგომ ხელი შეუწყო საოკუპაციო ხაზის დანარჩენი საქართველოს სიღმეში შემდგომი გადმოწევის აღკვეთას, წულუკიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისთვის „რთულია ამდენი ტყუილის მოსმენა“. წულუკიანმა გახარია იმაში დაადანაშაილა, რომ მან წინასწარ არ აცნობა სუსს საგუშაგოს აშენების თაობაზე და რომ სუსი ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო.

გახარიამ უპასუხა: „უკაცრავად, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან? – გახარიას მხედველობაში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის სადავო გამოსვლა გორში 2024 წელს, როდესაც მან „ოსი ძმებისა და დებისთვის“ 2008 წლის ომის გამო ბოდიში მოხდის იდეა გააჟღერა.

წულუკიანი და ტაბატაძე რამდენიმე წუთი ამტკიცებდნენ იმას, რომ საგუშაგოს გახსნას უკუშედეგი მოყვა, რის გამოც ცხინვალმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს დამატებითი საგუშაგოები გახსნა და საოკუპაციო ხაზი წინ გადმოწია.

გახარიამ ირონიულად უპასუხა, რომ მალე ომის დაწყებასაც მას დააბრალებენ.

გახარიას გადადგომა

სხდომის დასკვნითი ნაწილი 2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გახარიას გადაწყვეტილებას ეხებოდა – ეს ნაბიჯი მან 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა.

მაშინ მან გადადგომის მიზეზად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან უთანხმოება დაასახელა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელი რისკების შემცველი იყო.

კომისიის სხდომაზე გახარიამ მელიას „ხულიგანი პოლიტიკოსი“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, იმსახურებდა დაკავებას, მაგრამ „დასაკავებელი იყო იმ მომენტში და იმ ფორმით, რომ შემდეგ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო“.

წულუკიანი არაერთხელ შეეცადა აეძულებინა გახარია, ეღიარებინა, რომ „უცხოურმა ძალამ“ უბიძგა მას ოპოზიციაში გადასვლისკენ. მან ჰკითხა გახარიას, რომელ ელჩებს შეხვდა პარლამენტის მიერ მელიას იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებიდან მის გადადგომამდე არსებულ პერიოდში.

რადგან გახარიას არ ახსოვდა ელჩების სახელები, რომლებიც შეხვდა, წულუკიანმა პირდაპირ ჰკითხა, შეხვდა თუ არა აშშ-ის ელჩს. ამ კითხვას გახარიამ დადებითად უპასუხა.

„ამერიკის ელჩთან ხომ არ იყო საუბარი იმაზე, რომ სჯობდა თავის შეკავება ამ სპეცოპერაციისგან და თქვენ ოპოზიციაში იქნებოდით უზრუნველყოფილი“, – ჰკითხა წულუკიანმა.

გახარიამ უპასუხა, რომ ეს ტყუილია და დასძინა: „ამერიკის ელჩს შეუძლია რაც უნდა ის თქვას, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებებს იქიდან გამომდინარე, რასაც ის თვლის საჭიროდ და რაც საქართველოს კანონმდებლობას შეეფერება“. შემდეგ მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც ელჩმა უთხრა, იყო ის, რომ ეს შიდა საქმეა.

გახარიამ გაიხსენა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მან შესთავაზა პოლიტსაბჭოს მოწვევა მელიას ირგვლივ შექმნილი ვითარების შესაფასებლად და კონტაქტი ჰქონდა მთავრობის წევრებთან, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. მან ასევე გაიხსენა, რომ ბევრი ხელისუფლების წარმომადგენელი თავდაპირველად დათანხმდა შეხვედრას, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად „გაქრა“ „უხილავი კაცის ხელის“ ზეწოლით [სავარაუდოდ, ივანიშვილს გულისხმობდა, რომელმაც 2021 წლის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ განაცხადა].

გახარიას თქმით, მართალია ივანიშვილი თითქოსდა წავიდა პოლიტიკიდან, ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთო და პროცესი თავიდან ბოლომდე თავის ხელში აიღო. გახარიას თქმით, სწორედ ამან აიძულა იგი გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია