გახარია თითს ივანიშვილისკენ იშვერს, „ქართული ოცნება“ კი მის გადადგომას აშშ-ის ჩარევას უკავშირებს  

Civil Georgia 21 საათი წინ 14
გახარია თითს ივანიშვილისკენ იშვერს, „ქართული ოცნება“ კი მის გადადგომას აშშ-ის ჩარევას უკავშირებს  

„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2021 წლის 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიციის შეჭრა და მისი ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავება მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც გახარიას ზურგს უკან იქნა მიღებული. იმავდროულად, ოპოზიციურმა ტელეკომპანია „ფორმულამ“ 15 აპრილს, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ჩათის შიდა მიმოწერები გამოაქვეყნა, რომელიც 2021 წლის 17-18 თებერვლითაა დათარიღებული. სწორედ ამ დღეს გადადგა გახარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას, გახარიამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ივანიშვილის ჩარევაზე მიუთითა, რამაც, მისი თქმით, აიძულა ის დაეტოვებინა მმართველი პარტია.

გახარია ივანიშვილის ჩარევაზე მიუთითებს

მმართველი პარტიის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გახარია 14 აპრილს რამდენიმე საკითხზე გამოკითხა, მათ შორის მის გადადგომაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაგეგმილი დაკავების ფონზე მოხდა.

მაშინ გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა და ეწინააღმდეგებოდა მელიას დაკავებას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მან შეახსენა კომისიის წევრებს, რომელთაგან ბევრი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრიც იყო, რომ ისინი თავდაპირველად მხარს უჭერდნენ მის პოზიციას, თუმცა მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება. გახარიამ მათ მიერ პოზიციის შეცვლა ივანიშვილის პირდაპირ ჩარევას დაუკავშირა.

კომისიის სხდომის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულამ“ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ჩათიდან მიმოწერები გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, გახარია კოლეგებს ოპოზიციურ პარტიაში შეჭრის წინააღმდეგ აფრთხილებდა.

„პოლიციას არ აქვს დახურულ შენობაში ასეთი ტიპის ოპერაციის ჩატარების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ რისკებს“, – წერდა გახარია თანამდებობიდან გადადგომის წინა ღამეს „ფორმულას“ მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით. „დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, ძალის გადამეტების ბევრი შემთხვევა გვექნება. ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ პირობებში ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაციის ჩატარება ვერ იქნება შეფასებული პროპორციულ ქმედებად, რასაც მოყვება უკიდურესად მწვავე საერთაშორისო რეაქცია“.

„ამ ვითარებაში მაღალია იმის ალბათობაც, რომ მელიას დაკავების ოპერაცია წარუმატებელი იქნება და შეიძლება ვერ მოხერხდეს მისი შენობიდან გამოყვანა იქ მყოფების დაზიანების გარეშე. დაკავების ოპერაციის არასწორად ჩატარების შემთხვევაში, მელიას გავხდით გმირად და მივცემთ პოლიტიკურ უპირატესობას, რომელიც დღეს ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია. ამავე დროს, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, მელიას დაკავება მოხდეს დაუყონებლივ, დღეს ან ხვალ“, – განაგრძო მან.

ჩათის მიმოწერაში ჩანს, რომ მაშინდელი მთავრობის წევრები, მათ შორის თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი, რომლებიც ამჟამად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებია არიან, ეთანხმებიან გახარიას. წულუკიანმა ხუმრობით ისიც კი აღნიშნა, რომ იუსტიის მინისტრს შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მიანიჭოს.

თუმცა, 18 თებერვლის დილას, გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, მათი პოზიციები შეიცვალა. ეს ცვლილება გაჟონილ მიმოწერაში არ არის ასახული.

გახარიამ კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, „უჩინარი კაცი ჩაერთო პროცესების მართვაში“ და ყველას აზრი შეაცვლევინა.

გახარიამ თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და ამის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაპარტიელებთან უთანხმოება დაასახელა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

ივანიშვილთან დაკავშირებით გახარიას ბრალდებების გაქარწყლების მიზნით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „როდესაც ის [გიორგი გახარია] უჩინარ კაცზე საუბრობს, სინამდვილეში, დღეს, უკვე ყველამ კარგად გაიგო, ვინ ცდილობდა ქართულ პოლიტიკაში, მართლმსაჯულებაში, თუ ზოგადად ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში უჩინრად ხელის ფათურს. ეს ვამხილეთ ჩვენც და ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამაც“. მან ასევე გააზიარა აშშ-ის საელჩოს 2021 წლის 18 თებერვლის განცხადების ფოტო, რომელიც, მისი თქმით, გახარიას გადადგომის განცხადებამდე სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე გავრცელდა.

„18 თებერვალს 10:01 სთ-ზე, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საჯარო განცხადებით ხელისუფლებას კრიმინალთან დიალოგისკენ და დაკავებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა“, – წერს პაპუაშვილი. „ამ განცხადებიდან 27 წუთში, 10:28 სთ-ზე, გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა“.

აშშ-ის საელჩოს მაშინდელ განცხადებაში ნათქვამია: „არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“.

კელი დეგნანი, რომელიც 2020-2023 წლებში აშშ-ის ელჩად მსახურობდა საქართველოში, „ქართული ოცნებისა“ და ფსევდოოპოზიციური პარტიის „ხალხის ძალის“ განსაკუთრებული სამიზნე იყო.

კომისიის ბრალდებები უცხოური გავლენის შესახებ

პაპუაშვილის რეაქციას წინ უძღოდა საგამოძიებო კომისიის მიერ 14 აპრილს გამოთქმული ვარაუდი, რომ გახარიაზე შესაძლოა უცხოელმა დიპლომატებმა, განსაკუთრებით კი აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა, მოახდინეს გავლენა.  

კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა ის უცხოელ დიპლომატებს, ვინც მას გუნდისა და საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წასვლა გადააწყვეტინა. მან ასევე ჰკითხა გახარიას შეხვედრია თუ არა ის აშშ-ის მაშინდელ ელჩს.

გახარიამ აღიარა ელჩ დეგნანთან და სხვა დიპლომატებთან შეხვედრა და დაადასტურა, რომ განხილულ საკითხებს შორის მელიას შესაძლო დაკავებაც იყო. თუმცა მან უარყო, რომ მასზე ვინმემ ზეწოლა მოახდინა.

წულუკიანის დაჟინებულ კითხვაზე, თუ ვინ აიძულა იგი ოპოზიციაში გადასულიყო და დაპირისპირებოდა „ქართულ ოცნებას“, გახარიამ უპასუხა, რომ მასზე გავლენა არა უცხოელმა დიპლომატმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, რომელიც იმ დროს ფორმალურად პოლიტიკაში ჩართული არ ყოფილა.

სრულად წაიკითხეთ სტატია