განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტმა „საქართველოს 2025
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი
განიხილა.საკითხი
სხდომაზე ფინანსთა
მინისტრის პირველმა
მოადგილემ, გიორგი
კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, 2025
წლისთვის რეალური
ეკონომიკური ზრდა
დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით,
ნომინალური მშპ-ს პროგნოზი
განსაზღვრულია 97 მილიარდ
ლარზე მეტი ოდენობით.
ასევე, ნაერთი ბიუჯეტის
საგადასახადო შემოსავლები
განისაზღვრება 24,400
მილიარდი ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის დეფიციტი
შეადგენს 2,5%-ს, ხოლო
მთავრობის ვალის
მაჩვენებელი 36,8%-ის
ფარგლებშია.2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსულობების ჯამური
მაჩვენებელი წინა წლის
დამტკიცებული გეგმით
გათვალისწინებულთან
შედარებით გაზრდილია 2, 281
მლრდ ლარით და
განისაზღვრება 26,850 მლრდ
ლარის ოდენობით.გიორგი
კაკაურიძემ
განსაკუთრებული ყურადღება
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის
სამინისტროს 2025 წლის
დაფინანსებაზე
გაამახვილა. მისი
ინფორმაციით, განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის
სამინისტროს დაფინანსება
განისაზღვრა 2 მილიარდ 885
მილიონი ლარით, რაც 2024 წლის
გეგმას 377 მილიონი ლარით
აღემატება.„სკოლამდელი და
ზოგადი განათლების
ნაწილში
გათვალისწინებულია 1
მილიარდ 808 მილიონი ლარი.
აღნიშნული თანხის ნაწილში
განსაზღვრულია მიმდინარე
წლის ივლისიდან საჯარო
სკოლების მასწავლებელთა
გაზრდილი ანაზღაურების
დაფინანსება. პროფესიული
განათლების კუთხით 144
მილიონი ლარია
გათვალისწინებული,
უმაღლესი განათლების
მიმართულებით - 171 მილიონი
ლარი, მეცნიერებისა და
სამეცნიერო კვლევების
ხელშეწყობაზე - 86 მილიონი
ლარი. გაზრდილია
ინკლუზიური განათლების
დაფინანსება და 80 მილიონ
ლარს აღწევს. სამინისტროს
ფარგლებში
ინფრასტრუქტურის
განვითარებაზე
განსაზღვრულია 490 მილიონი
ლარი“, - განაცხადა გიორგი
კაკაურიძემ.მისივე თქმით,
მომდევნო წელს ბაღებისა და
სკოლების მშენებლობისა და
რეაბილიტაციის პროცესი
გაგრძელდება. განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარის,
გივი მიქანაძის
განცხადებით,
მნიშვნელოვანია, რომ
რეგიონებში არსებული 6
უნივერსიტეტისთვის
ბიუჯეტში ცალკე გამოიყოს
დაფინანსება.2025 წლის
ბიუჯეტის პირველადი
ვერსიის განხილვა
პარლამენტის დარგობრივ
კომიტეტებში გაგრძელდება,
სადაც გამოთქმული
წინადადებებისა თუ
მოსაზრებების
გათვალისწინებით,
მთავრობა პარლამენტს 2025
წლის ბიუჯეტის საბოლოო
ვერსიას დეკემბერში
წარუდგენს.