მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ გაზეთ „იზვესტიას“ და დასძინა, რომ ინიციატივა ახლა საქართველოს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხი „გადახედვას არ ექვემდებარება“.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ისინი. ჩვენ მზად ვართ იქამდე წავიდეთ, სადამდეც ამისთვის ქართული მხარეა მზად. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს”, – განაცხადა გალუზინმა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
გალუზინმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არა მოსკოვის, არამედ „სააკაშვილის რეჟიმის“ მიერ იყო ინიცირებული, რომელიც მან 2008 წლის ომის დროს „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ აგრესიის წამოწყებაში დაადანაშაულა. მან ასევე აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამჟამად რამდენიმე ბრალია წარდგინილი და იგი საქართველოში „მზარდი კრიტიკის“ სამიზნეა.
გალუზინი ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადრინდელ საჯარო განცხადებას ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და ამ განცხადებას თბილისის მხრიდან „გონივრული“ და „პოზიტიური სიგნალი“ უწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამას ურთიერთობების ნორმალიზებისკენ „კონკრეტული ნაბიჯები“ მოყვება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით „არსებული რეალობების საღი აღქმის საფუძველზე“.
თუმცა, გალუზინმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველო განაგრძობს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დაკავშირებას რუსეთის პოზიციასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ. მისი თქმით, „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“.
ორმხრივი ურთიერთობები
მიუხედავად ამისა, განაცხადა რუსმა დიპლომატმა, „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ყოველმხრივი განვითარება“. მან აღნიშნა, რომ „ამის უამრავი შესაძლებლობა არსებობს“ და დასძინა, რომ „საქართველოსთვის რუსეთი მთავარ ბაზრად რჩება ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ღვინისა და ხილისთვის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები”.
გალუზინმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, რუსეთმა „უკვე გადადგა ნაბიჯები ბოლო წლებში“, როგორიცაა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის აღდგენა.
„ჩვენ მზად ვართ იქამდე წავიდეთ, სადამდეც ამისთვის ქართული მხარეა მზად. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს”, – განაცხადა მან.
მოსკოვსა და სოხუმს შორის ფრენების აღდგენა
მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის მიმდინარე წლის 1 მაისიდან რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხის კომენტირებისას გალუზინმა განაცხადა: „ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დაკავშირებულია საქართველოსთან ჩვენი საჰაერო მიმოსვლის საკითხთან. ეს სრულიად ცალკე თემაა“.
მისი თქმით, იგი მოელის, რომ ქართული მხარე, „თავისი თანდაყოლილი პრაგმატიზმითა და რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობის გაგებით, გააგრძელებს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას იქ, სადაც ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს თბილისშია, ამ საკითხის გარშემოც გაიმარჯვებს“, – დასძინა მან.
ჟენევის დისკუსიები
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას, გალუზინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ემხრობა მოლაპარაკებების ჟენევიდან გადატანის საკითხს, რადგან „შვეიცარიამ დაკარგა თავისი ნეიტრალური სტატუსი“ მას შემდეგ, რაც „შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტის დიდ უმრავლესობას“. მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები მხარს უჭერენ ამ წინადადებას.
გალუზინის კომენტარს ოფიციალური თბილისი ჯერ არ გამოხმაურებია. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/02/2025 – გალუზინი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოყვება
- 04/12/2024 – ზახაროვა: რუსეთი მზად იქნება ნორმალიზებისთვის იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად
- 14/09/2024 – ივანიშვილი გორში გარე ძალებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008 წლის ომში ადანაშაულებს და „ოს ძმებსა და დებს“ ბოდიშს უხდის