გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 11 ოქტომბერს „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაუყონებლივი, შეუზღუდავი შესვლისკენ მოუწოდებს. საბჭო ასევე სთხოვს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მომდევნო სხდომებზე რეზოლუციის შესრულების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოადგინოს და გააგრძელოს ტექნიკური დახმარების აღმოჩენა თბილისში უმაღლესი კომისრის ოფისის მეშვეობით. რეზოლუციას საბჭოს 22 წევრმა დაუჭირა მხარი, 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 20-მა კი თავი შეიკავა.
საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მიესალმა საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისთან.
რეზოლუციამ დაგმო „რუსეთის ფედერაციის მიმდინარე უკანონო სამხედრო ყოფნა“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და „მისი სამხედრო ყოფნის ლეგიტიმაციის მცდელობები, მათ შორის, ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ უკანონო ე.წ. არჩევნების ორგანიზების, ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერისა და რუსეთის ფედერაციასა და [ოკუპირებულ] აფხაზეთს შორის ე.წ. ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური სივრცეების შექმნის გზით“.
რეზოლუციამ ასევე დაგმო მიწის ჩამორთმევა, მათ შორის გაგრის რაიონში, სოხუმის აეროპორტისა და ბიჭვინთის კურორტის რუსეთისთვის გადაცემა, ასევე განცხადებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაზე ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს ეხება.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, რაც „უარყოფითად აისახება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც ცუდ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე, მათი გადაადგილების თავისუფლებაზე…“ საბჭომ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, წამებას, გატაცებებს, უკანონო დაკავებებს, ასევე განათლებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვებს. მან ასევე დაგმო დევნილთა სახლების დანგრევა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგულება ამ რეგიონებში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული რუსული ძალების მიერ თამაზ გინტურისა და თემურ კარბაიას მკვლელობის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების მკვლელობებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს დაუსჯელობას. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ლტოლვილებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. გარდა ამისა, მან გააფრთხილა, რომ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა შემდგომი გადაადგილების რისკს შეიცავს.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა იმის გამო, რომ საერთაშორისო და რეგიონულ დამკვირვებლებს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებს, ოკუპირებულ რეგიონებში შესვლაზე კვლავ უარს ეუბნებიან. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაეროს უმაღლესმა კომისარმა პერიოდულად წარმოადგინოს მოხსენებები, რაც ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მიუკერძოებელ შეფასებას დაეხმარება.
რეზოლუცია მოითხოვს, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს და რეგიონულ უფლებადამცველ მექანიზმებს ოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ შესვლის უფლება მიეცეთ.
ასევე წაიკითხეთ: