გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთი 16 დეკემბერს ტელეფონის ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს. ბრიტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნების წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილს მკაფიოდ გაუმეორა, რომ პოლიციის ძალადობა და თვითნებური დაპატიმრებები საქართველოში მიუღებელია“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა „გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას“.
ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება. მანვე განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების „ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება“.
საქართველოს საგარეო უწყების პრესრელიზის თანახმად, ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და „პოლიტიკურ სპეკულაციებზე“ ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია „აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, ასევე „ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში“. ამავე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე.
ასევე წაიკითხეთ: