“ბორჯღალოსნები” | პირველი მეტოქე – “ოლ ბლექს XV”

News.ge 1 თვე წინ 22
“ბორჯღალოსნები” | პირველი მეტოქე – “ოლ ბლექს XV”

“ბორჯღალოსნები” 2024 წლის შემოდგომის პირველი შეხვედრისთვის საფრანგეთში ემზადებიან. მათი მეტოქე ახალი ზელანდიური “ოლ ბლექს XV” იქნება,რომელსაც მონპელიეში ჩვენი დროით 17 საათზე ვეთამაშებით.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული რაგბის 35-წლიან ისტორიაში ახალი ზელანდიის გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო თასს მიღმა აქამდე არასდროს გვითამაშია. მსოფლიო თასზე კი “ოლ ბლექსს” 2015 წელს შევხვდით და მომავალმა ჩემპიონმა 43:10 იმარჯვა, თუმცა ქართველების თამაშმა საერთო მოწონება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც ქართული რაგბის ლეგენდა, მამუკა გორგოძე გახდა.
რაც შეეხება “ოლ ბლექს XV”-ს, ის 2022 წელს შეიქმნა და მასში მთავარი
გუნდის უახლოესი რეზერვი თამაშობს, მიზნად კი ყველა მატჩში გამარჯვება აქვს დასახული. “ოლ ბლექს XV” ყოველ წელს ორ-ორ თამაშს მართავს და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან ოთხი აქვს მოგებული. 2022 წელს, სადებიუტო მატჩში მან ირლანდია ა 47:19 დაამარცხა, ერთი კვირის თავზე კი “ბარბაროსებთან” 31:35 დამარცხდა.
შარშან ზელანდიელები იაპონიას ეწვივნენ და ჯერ მისი მეორე გუნდი დაამარცხეს 38:6, მერე კი ეროვნულ ნაკრებს სძლიეს 41:27.
გასულ შაბათს, 2 ნოემბერს “ოლ ბლექს XV” ირლანდიურ “მანსთერს” გადაჭედილ “ტომონდ პარკზე” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 38:24 გაიმარჯვა. სტუმრები მაღალ ტემპში განხორციელებული ხელდახელ შეტევების შედეგად, ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე ორი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახეს.
შესვენების შემდეგ ზელანდიელებმა ძალისმიერი ლელო გაიტანეს, ხოლო მერე ლამაზი შეტევა დააგვირგვინეს ლელოთი. “მანსთერმა” ორივეჯერ უპასუხა და 75-ე წუთამდე 2-ქულიან სხვაობას ინარჩუნებდა, თუმცა მერე კონტრშეტევების შედეგად ორი ლელო გაუშვა და 14 ქულის სხვაობით დამარცხდა.
Rugby.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია