„ბოლო ჟამი იქნება, მაგრამ არა ხვალ. ღმერთს ადამიანის ამქვეყნიური განვითარება არ დაუსრულებია“ - მამა იოანეს საოცარი ქადაგება

Primetime.ge 5 საათი წინ 1
„ბოლო ჟამი იქნება, მაგრამ არა ხვალ. ღმერთს ადამიანის ამქვეყნიური განვითარება არ დაუსრულებია“ - მამა იოანეს საოცარი ქადაგება
სქიმარქიმანდრიტი იოანე ჯიშკარიანი ლომისობას დაიკრძალა. მოღვაწეობდა ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და უფლის ნებით, მისი უკანასკნელ გზაზე გაცილება, ამ ტაძრის სახელობის დღესასწაულზე მოხდა. მამა იოანეს ქადაგებებს ბევრი მსმენელი ჰყავდა, თუმცა ამის საშუალება ხშირად როდი ეძლეოდათ. ეს ერთ-ერთი ქადაგების ამონარიდია, რომელიც ჟურნალი "კარიბჭის" რედაქტორმა, თამარ მამაცაშვილმა ერთ-ერთი ვიდეო ქადაგებიდან ამობეჭდა.სქიმარქიმანდრიტი იოანე ჯიშკარიანი: რა გვემართება ჩვენ სიკვდილის შემდეგ? სამი მდგომარეობაა ადამიანისა სიკვდილის შემდეგ:1) როცა ადამიანი ცხონდება, ცად ამაღლდება და ამქვეყნიური ცხოვრებიდან გადადის ზეციურ ცხოვრებაში, როგორც ამას ჩვენი წმინდა წინაპრები აკეთებდნენ.2) ზოგიერთები, ღმერთის მტრები რომ იყვნენ ამქვეყნად, ჯოჯოხეთში მიდიან და იქ აგრძელებენ არსებობას.3) ხოლო უმეტეს ჩვენგანს რა ემართება? გავიხსენოთ მრწამსის ბოლო სიტყვები: მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა ამინ. ესე იგი ჩვენ მოკვდავები ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები, და აუცილებლად მოვკვდებით, გავქრებით - არც ზეცაში ვიქნებით, არც ჯოჯოხეთში, არამედ გავქრებით. ეხლანდელი ტექნიკური ტერმინით რომ ვთქვათ, პატარა ჩიპში, პატარა წერტილში რომ არის დამახსოვრებული დიდი ინფორმაცია, ზუსტად ასე ვიქნებით დამახსოვრებული სადღაც, და როდესაც მოვა ბოლო ჟამი, მაშინ აღვდგებით მკვდრეთით.მაგრამ როგორ ხდება ის, რომ ყველა არ კვდება, არამედ წმინდანები ცაში მიდიან, ამაღლდებიან და დიად ცხოვრებას აგრძელებენ - ღვთაებრივ ცხოვრებას, მათ სახელზე ტაძრებს ვაგებთ, მათ ვევედრებით, რომ დაგვეხმარონ. რით განსხვავდებიან ისინი ჩვენგან, მოკვდავებისგან და ვინ იცის, რამდენი ხანი ვიქნებით მკვდარი. არავინ იცის, როდის იქნება მეორედ მოსვლა. ტელევიზორშიც აცხადებენ ზოგჯერ, რომ ბოლო ჟამიაო, მაგრამ იმას არ გვასწავლიან, რა გავაკეთოთ. აი, მე მინდა გასწავლოთ, თუ რა გავაკეთოთ. თუ ეს არ გითხარით, მაშინ მეც მოლაყბე გამოვალ. საინტერესო არ არის? ჩვენი წმინდა წინაპრები, რომლებიც ცხონდნენ და ზეცაში ადგილი დაიმკვიდრეს, არ მოკვდნენ, არამედ გარდაიცვალნენ, რას აკეთებდნენ ამქვეყნად? რას აკეთებდნენ ისეთს, რომ ზეცაში ღმერთთან დამკვიდრდნენ და მარადიულ დიად შრომაში, შემოქმედებით შრომაში, მზარდ სიხარულში არიან. ისინი ამქვეყნად შეუდგნენ მარადიულ საქმიანობას. ჩვენ ვკვდებით იმიტომ, რომ დროებით, წარმავალ საქმიანობას შევუდექით: სახლებს ვაშენებთ, სამსახური გვაქვს, სახელმწიფო სამსახური, საზოგადოებრივი, ოჯახის საქმეებს ვასრულებთ და ყველა ჩვენთაგანი, რომლებიც დროებით საქმეებს ვასრულებთ, წარმოიდგინეთ, პენსიაზე გავდივართ. ვამთავრებთ საქმიანობას და მაგალითად, თბილისელი პენსიონერები ბაღებში სხედან და დომინოს თამაშობენ - ასეთი ადამიანი, ვინც დომინოს თამაშობს დღე და ღამე, ცხონდება? მოხუცებულობა შეიძლება ვამსგავსოთ გრძელ დისტანციაზე მორბენალის ბოლო 100 მეტრს, როცა მთელი ძალით უნდა გაიქცე. ისინი ამ დრო საერთოდ წყვეტენ ყოველგვარ მოძრაობას, ყოველგვარ შრომას, ჩვენც ასე ვართ მოხუცებულები - აჰა, დამსახურებულ პენსიაზე გავედით და აღარაფერს ვაკეთებთ, უნდა დავისვენოთ. აი, ასეთი საქმიანობა არის დროებითი, წარმავალი და რადგან საქმიანობა არის დროებითი და მოკვდავი, ყველაფერი რაც დამთავრდება, ნიშნავს სიკვდილს, ამიტომ ჩვენც მოკვდავები ვართ. დამთავრდა ჩვენი სიცოცხლე და ხელში არაფერი გვაქვს, ღმერთს ვერაფერს წარვუდგენთ, მარადიულ საქმიანობას ვერ წარვუდგენთ. აბა რას აკეთებდიო - გეტყვის. შვილები გავზარდეო - შვილებს ზრდის ნებისმიერი ცოცხალი არსება დედამიწაზე, დათვები და მგლებიც - შეიძლება ჩვენზე უკეთესად ზოგიერთები. სახელმწიფო სამსახური ჰქონდა? მერე რა, ისინიც პენსიაზე გავლენ და რას აკეთებენ მერე? დღეებს ითვლიან. ამ დროს კი ნათქვამია: „არა მოვკვდე, არამედ ვცხონდე და განვთქუნე მე საქმენი უფლისანი“. ამქვეყნად თუ შევუდგებით საქმიანობას ისეთს, რომელიც მარადიულია, ჩვენც ასევე მარადიულები გავხდებით. რადგანაც საქმე რომელიც არ მთავრდება, შენ გაიძულებს, რომ მარადიულად იშრომო, არ მოკვდე, სიკვდილის შემდეგაც გააგრძელო ეს შრომა. ახლა საინტერესოა, რომელია ის საქმე, რომელსაც უნდა შევუდგეთ და რომელიც არასოდეს მთავრდება. სახარების სიტყვებით უნდა ვუპასუხოთ: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს“. არის თუ არა ასეთი სიტყვები ქრისტეს მიერ ნავამი სახარებაში? ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ უნდა შევუდგეთ სრულყოფას და უნდა ვემსგავსოთ მამაზეციერს. თქვენ ეცადეთო, მამაზაციერივით სრულყოფილი რომ იყოთო. ახლა ისმის კითხვა: მამაზეციერის სრულყოფილებას აქვს საზღვარი რაიმე მიმართულებით? ღმერთი უსაზღვროა დროშიც, სივრცეშიც და ყველა განზომილებაშიც. თუ ჩვენ შევუდგებით სრულყოფას, მაშინ ჩვენ არ მოვკვდებით. რადგანაც ჩვენ შევუდგებით ისეთ საქმიანობას, რომელიც არასოდეს არ მთავრდება. იცოდით ეს? თუ არ იცოდით, რატომ არ იცოდით? გვინდა რომ მოკვდავები ვიყოთ? თუ საღვთო მარადიულ საქმიანობას არ შეუდექი ამქვეყნად უვიცობის გამო, ჩვეულებრივად იცხოვრე პატიოსნად, ალალმართლად და ჯოჯოხეთში არ მოხვდი, ესე იგი მოკვდები და ღმერთის მიერ იქნები დამახსოვრებული და ბოლო ჟამს აღდგები. არავინ იცის, როდის არის ბოლო ჟამი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო ჟამი იქნება რვაასი მილიარდი წლის მერე? ანდა რვა მილიარდი წლის მერე? 800 000 წლის მერე? მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხვალ არ იქნება, რადგან ჩვენ ჯერ ისევ ცოცხლები ვართ და ღმერთს ამქვეყნიური განვითარება ადამიანებისა და კაცობრიობისა არ დაუმთავრებია. როდის დაასრულებს, როდის იქნება ის ბოლო ჟამი - არ ვიცით, რა ნიშნებია ამის მიმანიშნებელი - არ ვიცით, მხოლოდ ზოგადად ვიცით. 
სრულად წაიკითხეთ სტატია