ბლოკჩეინი — დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები: ახალი სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში

News.ge 5 დღის წინ 19
ბლოკჩეინი — დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები: ახალი სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში

განათლების სფეროში უკვე მოქმედებს უნიკალური სამაგისტრო პროგრამა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მოთხოვნად სფეროს, ბლოკჩეინსა და დეცენტრალიზებულ საინფორმაციო სისტემებს. პროგრამა აერთიანებს ტექნიკურ, სამართლებრივ და მენეჯერულ ცოდნას, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
ჩვენ ვესაუბრეთ პროგრამის ხელმძღვანელ ვახტანგ ჩხენკელს, რომლის აზრითაც, ეს ინოვაციური პროგრამა პასუხობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე მზარდ მოთხოვნას ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებში მომზადებულ პროფესიონალებზე.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ბლოკჩეინი, ვირტუალური აქტივები და მსგავსი ტექნოლოგიები სწრაფად განვითარდა, როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური კუთხით. მხოლოდ ვირტუალური აქტივების კაპიტალიზაცია დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარს აღწევდა, რაც იმის მიმნიშნებელი იყო, რომ ამ ტექნოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად ქვეყანას სპეციალისტების მომზადება სჭირდებოდა.
უშუალოდ საქართველოში ვირტუალური აქტივებით დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ტრანზაქციები ხორციელდება. ეს კი აშკარად მოითხოვს, როგორც ტექნიკურ, ისე სამართლებრივ ცოდნასა და პარტნიორთა მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ვირტუალური აქტივების რეგულირების შესახებ, ჩვენ კი შევქმენით სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვირტუალურ აქტივებს, არამედ, ბლოკჩეინის ტექნოლოგიას მთლიანობაში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და პროფესიონალებს, მიიღონ ცოდნა რეგულირების, ტექნიკური იმპლემენტაციისა და საბანკო მიმართულების შესახებ.
ინოვაციური პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური ან ტექნიკური ასპექტებით. ის მოიცავს ბლოკჩეინის სრული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს, მათ შორის, დეცენტრალიზებულ რეესტრებს, რომლებიც შესაძლებელია ჩათული იყოს, როგორც საარჩევნო პროცესებში, ისე ქონების მართვასა და სხვა მიმართულებებში. პროგრამა უზრუნველყოფს სამართლებრივ, ტექნიკურ და მენეჯერულ კომპეტენციებათა განვითარებას, რაც დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის.
ის გზას უხსნის არა მხოლოდ IT-სპეციალისტებს, არამედ იურისტებს, ბუღალტრებსა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებსაც. პროგრამა ეფუძნება პრაქტიკულ მაგალითებს და რეალურ პროექტებს. სტუდენტები სწავლობენ ვირტუალური აქტივების რეგულირებას, ბლოკჩეინის არქიტექტურასა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები როგორც საქართველოში, ისე გლობალურ ბაზარზე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ არჩევითი კურსების გავლის საშუალება საკუთარი ინტერესების მიხედვით. ის, ვინც დაინტერესებულია ვირტუალური აქტივების რეგულირებით, ან ტერორიზმისა და ფულის გათეთრების პრევენციით, გადის შესაბამის კურსს და გახდება შესაბამისობის ოფიცერი. იურისტები კი სწავლობენ ბლოკჩეინის სამართლებრივ მხარეებს, საერთაშორისო რეგულაციებსა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
პროგრამის ლექტორები პრაქტიკოსი პროფესიონალები არიან. ისინი უზრუნველყოფენ სწავლებას, რომელიც ეფუძნება თეორიასა და პრაქტიკულ მაგალითებს ერთდროულად. მაგ., ვირტუალური აქტივების სამართალი იწყება თეორიული ბაზით, შემდეგ პოზიციების განხილვაა და ბოლოს პრაქტიკული გეგმების შედგენა. ბლოკჩეინის არქიტექტურა კი მთლიანად პრაქტიკაზეა ორიენტირებული.
ბლოკჩეინის უნივერსალური მიდგომები ახალგაზრდებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის საშუალებასაც აძლევს. სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ, ადგენენ რეალურ ბიზნეს გეგმებს ბლოკჩეინ პროექტების დასაწყებად, რაც ხელს უწყობს ინოვაციური სტარტაპების შექმნას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
ბლოკჩეინის სპეციალისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას წარმოადგენენ. მათი არსებობა ხელს უწყობს საერთაშორისო სერვისების შემოსვლას, კონკურენციის ზრდასა და ეკონომიკის გაძლიერებას. კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დასაქმდნენ, როგორც კერძო კომპანიებში, ისე საჯარო უწყებებში, მიიღონ მაღალი ანაზღაურება და შექმნან საკუთარი სტარტაპები.
ისინი შეძლებენ მუშაობას ვირტუალური აქტივების პროვაიდერებად, მენეჯერებად, შესაბამისობის ოფიცრებად, ბუღალტრებად, კონსულტანტებად, ასევე საჯარო უწყებებში, რომლებიც უკვე იყენებენ, ან მომავალში გამოიყენებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. ვგულისხმობ, კომერციულ ბანკებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სტრუქტურებს.
გარდა ამისა, სტუდენტები ეცნობიან ევროპულ რეგულაციებს კრიპტო ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ ევროპულ ბაზარზეც, სადაც მსგავსი ცოდნა სავალდებულოა.
ვახტანგ ჩხენკელის რჩევა პროფესიონალებს:
ბლოკჩეინი არის სფერო, სადაც უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, კვალიფიციური პროფესიონალების რაოდენობა ჯერ კიდევ მწირია. ვინც დღეს დაიწყებს ამ სფეროში კარიერას, მას უდიდესი უპირატესობა ექნება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ეს პროგრამა არის გზა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცოდნას, პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს, აძლევს მოტივაციას, აძლიერებს კონკურენტულობას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც ახალ გამოწვევებს ეძებს და უნდა დაეუფლოს ინოვაციურ პროფესიას, რომელიც საინტერესოცაა და პერსპექტიულიც, ბლოკჩეინის პროგრამა საუკეთესო არჩევანია.

სრულად წაიკითხეთ სტატია