„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ – რაისა ლიპარტელიანი

News.ge 6 საათი წინ 1
„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ – რაისა ლიპარტელიანი

„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ – რაისა ლიპარტელიანი
„ძალიან ბევრ სექტორში მარტივად ანაცვლებს ადგილობრივ მუშახელს უცხოური სამუშაო ძალა. დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი, რის გამოც იყვანენ უცხოელ მუშახელს, არის მათთვის დაბალი სტანდარტის და ხელფასის შეთავაზება“, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა „ბიზნესპრესიუსთან“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ირღვევა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კადრების უფლებები, ერთი მხრივ, კონკურენციის, ხოლო მეორე მხრივ სამუშაო პირობების კუთხით. ლიპარტელიანის თქმით, დასაქმების ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ დაინახა სფეროს რეგულირების საჭიროება.
შეგახსენებთ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომელიც დაარეგულირებს საქართველოში უცხოელების დასაქმების საკითხს. კერძოდ, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი და კრიტერიუმები, ასევე, იზრდება დარღვევისთვის ჯარიმები.
ამასთანავე, დამსაქმებლების მიერ უცხოელი თანამშრომლების რეგისტრაციისა და აყვანის საფუძვლების საკითხის მეტად კონტროლი იგეგმება; დასაქმება კი მოხდება ადგილობრივი კადრების აყვანისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.
„შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებების შეტანა კვლავ დადგა დღის წესრიგში, ეს გამოწვეულია სამუშაო ძალის რეგისტრაციის საკითხით. ადრეც ვამბობდით, რომ პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, უცხოელი კადრების დასაქმება კი უნდა მომხდარიყო ისეთ დროს, როცა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შენი სამუშაო ძალა ვერ აკმაყოფილებს ან არ არის საკმარისი. ეს შეზღუდვა რომ არ გვქონდა, მივიღეთ ისეთი მოცემულობა, როცა ადგილობრივი მუშახელის უფლებებიც ირღვევა ბაზარზე და შრომითი მიგრანტებისაც.
კანონპროექტში არის მოთხოვნა, რომ უცხოელი დასაქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი სამუშაო ძალა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რომელიც დამსაქმებელს აქვს; ამასთანავე, დამსაქმებელს უნდა გაუჩნდეთ დასაბუთების ვალდებულება, რატომ სჭირდებათ უცხოელი კადრის დასაქმება და ა.შ.
ძალიან ბევრ სექტორში მარტივად ანაცვლებს ადგილობრივ მუშახელს უცხოური სამუშაო ძალა. ძირითადად ბიზნესი ამბობს, რომ აქვს სამუშაო ძალის დეფიციტი და ამიტომ ასაქმებს უცხოელ პირებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი რის გამოც იყვანენ უცხოელ მუშახელს, არის დაბალი სტანდარტის შეთავაზება მათთვის, მათ შორის ანაზღაურების ნაწილში. ერთი მხრივ, უცხოელი კადრები შემოდიან კონკურენციაში დაბალი ანაზღაურების კუთხით ადგილობრივებთან და ეს ხელს უშლის ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას. მაგრამ, მეორე მხრივ, უცხოელი კადრებისთვისაც არაღირსეულია არსებული შრომითი პირობები.
უფრო მეტიც, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ უცხოელი კადრები ხშირად არიან შანტაჟის მსხვერპლები. მაგალითად, კომპანია აწვდის მონაცემებს სამინისტროს დასაქმებულთა რეგისტრაციის შესახებ, საკმარისია შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს, (მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს) და აცნობებს სამინისტროს, რომ მაშინვე ერთმევათ შრომითი ბინადრობის ნებართვა და ეცლებათ ლეგალური საფუძველი, რომ კანონიერად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეთ, უცხოელი კადრები ხშირად იძულებულები არიან დათანხმდნენ მიზერულ შრომით პირობებს.
როგორც იქნა დაინახა სახელმწიფომ, რომ ასე მიშვებული არ გამოვა. ვნახეთ, რომ უცხოელთა დასაქმებას საპროტესტო ნოტაც მიეცა, ვნახეთ რომ ერთ-ერთი სექტორი აპროტესტებს და ითხოვს, რომ არ დაასაქმონ უცხოელი სამუშაo ძალა. ჩვენ ასე არ ვუდგებით საკითხს. არასწორია ამის მოთხოვნა, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთ მუშაობს. თუ ყველა სახელმწიფო ანალოგიურად მოიქცა, რა გამოდის, რომ საზღვარგარეთ მუშაობის დროს მოქალაქეები უნდა დაიჩაგრონ? საკითხს ვუყურებთ ასე, რომ უნდა დაასაქმო უცხოელები, თუმცა უნდა არსებობდეს რეგულირება და ბალანსი, რათა არ მიიღო ისეთი უკონტროლო მდგომარეობა, რაც გვაქვს ახლა – პრობლემა დავიდა მომხმარებლებამდეც, ბევრ სექტორში უცხოელი კადრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ, ენა არ იციან და კომუნიკაციაში ვერ შედიან მომხმარებლებთან – საჭიროა ამის რეგულირება“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ რაისა ლიპარტელიანი.
www.bpn.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია