ბექა ქურხული: საქართველო-რუსეთის 200 წლიანი ომის ეს კონკრეტული ბრძოლა, ჩემთვის და ჩემი თაობისათვის, სწორედ 1989 წლის აპრილის დღეებში დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა

News.ge 1 კვირა წინ 23
ბექა ქურხული: საქართველო-რუსეთის 200 წლიანი ომის ეს კონკრეტული ბრძოლა, ჩემთვის და ჩემი თაობისათვის, სწორედ 1989 წლის აპრილის დღეებში დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა
მწერალი ბექა ქურხული:
Როგორ ამიცხადდა, ამიცხადდა რა აგვიცხადდა მე ჩემი, წარმართი, წინასწარმეტყველი და ნაგიჟარი თავი რა ვთქვი!..
😎😀🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪✌️✊
9 აპრილი
არ მჯერა რომ 1989 წლის 9 აპრილიდან ოცდაათი წელი გავიდა. ოცდაათი წელი როგორც ოცდაათი წამი. ასევე არ მჯერა რომ უკვე ორმოცდაოთხი წლისა ვარ და თანაც ჯერ კიდევ ცოცხალი. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი და მახსოვს, რომ აპრილის იმ უცნაურად თბილ და წვიმიან დღეებში, როდესაც ჩემს კლასელებთან ერთად მთავრობის სასახლის წინ ვათენებდით და ვაღამებდით, თოთხმეტი წლისა ვიყავი და მას მერე ჩემში ბევრი არც არაფერი შეცვლილა. ასეთი უცნაური დრო იყო თოთხმეტი წლის ბიჭები, ზრდასრულ კაცებად ვგრძნობდით თავს, გამწარებულები ვექაჩებოდით ლოტკინზე ციგნებში ნაყიდ „ფირმა“ ანუ უცხოურ სიგარეტს და ხორხე ლუის ბორხესის გმირებივით – ჟილეტის ან ჯინსის შრვლის უკანა ჯიბეში დანებს ვატარებდით – „ლისიჩკა“ „ნავახო“, „ტისაკი“ ან ნაცრისფერტარიანი მძიმე „მონკავშირი“ და თავები იმაზე დიდებად და ძლიერებად წარმოგვიდგინა ვიდრე ახლა იმათ, ვინც ისევ ცოცხლები ვართ, ვინც გადავრჩით ამ დანაღმული მინდორივით სახიფათო ოცდაათ წელს თუ წამს და რაღაც სასწაულით 2019 წლის 9 აპრილამდე მოვაღწიეთ, გაჭაღარავებულებმა, დამარცხებულებმა, დროსა და სივრცეში დაკარგულებმა და ჭკუიდან შეშლილებმა.
9 აპრილზე ორჯერ მაქვს დაწერილი აქამდე -„ დილის გაზეთში“ 2000 წლის 9 აპრილს – აი, ამ დღიდანაც უკვე19 წელი გასულა, მარტო ეს ციფრების, დროის და სიტყვების განუწყვეტელი მარულა და მარათონიც საკმარისია რომ ერთი დაშხოშიანად გააფრინოს ადამიანმა არა?.. Და მეორედ კი ჩემს რომანში – „სამოთხიდან გაქცეულებში“ მაქვს სხვა დანარჩენ ქარიშხლიან ამბებთან ერთად მაქვს აღწერილი.
აქაც ყველაფერი დან დაიწყო, 1989 წლის მარტის ბოლოს, 30 000 აფხაზმა, საქართველოდან გამოყოფა და აფხაზეთის რუსეთთან შეერთება მოითხოვა, თავის ქართველებიანად და ილორის, ბედიის, ოქუმის და ბიჭვინთის ტაძრებიანად. ქართველებს კი რუსეთში არ გვინდოდა, არც არასდროს არ გვდომებია. მეტიც უკვე წინა წლის შემოდგომაზე, 1988 წლის შემოდგომის აქციებზე გამოვხატეთ ჩვენი ნება – რომ ს წითელ, საბჭოთა იმპერიას არ დავემორჩილებოდით.
საქართველო-რუსეთის 200 წლიანი ომის ეს კონკრეტული ბრძოლა, ჩემთვის და ჩემი თაობისათვის, სწორედ 1989 წლის აპრილის დღეებში დაიწყო და დღემდე არ დამთავრებულა. საშინლად მტკივნეული მსხვერპლის მიუხედავად 9 აპრილის ღამე საქართველოს დე ფაქტო გათავისუფლებითა და დამოუკიდებლობის აღდგენით დამთავრდა. დიახ, იმ დღიდან საქართველოს საბჭოთა, კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას სრულიად ფიქციური სახე ჰქონდა. დიახ, საქართველო სწორედ იმ ღამეს გათავისუფლდა წითელი საბჭოთა რუსული იმპერიისგან. მხსვერპლი კი, ომი კი, სისხლი კი… ბოღმა და სიძულვილიც!
მე ახლაც დარწმუნებული ვარ რომ გენერალი იგორ როდიონოვი და რუსის ჯარი რომელიც იმ დღეებში ქალაქში პატრულირებდა თბილისიდან ცოცხლები არ უნდა გაგვეშვა. კი, უფრო მეტი მსხვერპლი გვექნებოდა, მაგრამ მაინც ვერ ავცდით ამ სიკვდილს, ომსა და უბედურებას და ჩვენს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებდით. ვემზადებოდით კიდევაც. გახსოვთ წარწერები?.. „ქალები და ბავშები ქალაქიდან გაიყვანეთ!“… ეგ იყო… ალბათ ამიტომაც მთელი საბჭოთა კავშრის მასშტაბით, სადაც იმ დროს მრავლად გაჩნდა ცხელი წერტილები, ყველაზე ცოტა ხანს თბილისში გაგრძელდა კომენდანტის საათი. სულ რამდენიმე დღე და მალევე გაერთიანდნენ. თუმცა მერეც შეიძლებოდა ხელის მიწვდენა და დასჯა. ვფიქრობ ამ მხრივ როგორც სახელმწიფო, თავისი „მოსადითა“ და „ცახალით“ უბრალოდ სამაგალითოდ იქცევა.
კიდევ რა შეიძლება მესამედ დავწერო 9 აპრილზე, თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ? ის რომ იმ უცნაურ, ტრაგიკულ, სისხლიან ღამეს, ორი ათას საგანგებოდ კაცის სისხლზე დაგეშილ, გაწვრთნილ და კბილებამდე შეიარაღებულ მკვლელებთან დაუნდობელ და ხელჩართულ ბრძოლაში, ჩემი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად დამთავრდა ჩვენი ბავშვობა და დაიწყო ურთულესი, სისულელეებით და საშინელებებით, უშუქობითა და შიმშილით, დანაშაულებითა და ომებით აღსავსე თავისუფლების წლები?.. და მაინც თავსუფლების მაგის დედაც!.. ჩვენი შვილები უკვე თავსუფალ საქართველოში გაჩნდნენ და ჩვენც, ვინც ცოცხლები გადავრჩით, ვეღარავინ ვეღარასოდეს გაგვიბედავს, სიკვდილის შიშით დანებება შემოგვთავაზა, რადგან სიკვდილს გაცილებით უკეთ ვიცნობთ ვიდრე სიცოცხლეს… და თუ რამეა, ახლაც შეგვიძლია ჩვენი ბავშვობის ჟილეტებში და ჯინსის შარვლის ჯიბეში ჩარჩენილი დანები ჩავხსნათ და მხიარულად, არეული, გაფანტული ნაბიჯით დავიძრათ და წავიდეთ ფოლადის ჩაფხუტებიან, ფარებისა და ჯავშნ-ჟილეტების უკან ჩამალულ, შეიარაღებულ ჯალათებზე, მაგ ჩათლახების ლეგიონზე!.. და ეს არც ლირიკაა და არც პათეტიკა. მართლა შეგვიძლია!.. და როგორც აღმოჩნდა სხვა არც არაფერი შეგვძლებია და არც აღარაფერი დაგვრჩენია, დინოზავრებივით აქა-იქა შემორჩენილებს და მარგინალებს. ჩვენს ქვეყანას კი აღარავის დავუთმობთ, არც 9 აპრილს და არც ნატყვიარივით და ნახანჯლარივით სისხლმდინარ სხვა დიად თარიღებს.
ან იქნება სჯობდეს ის ადამიანები გავიხსენოთ, რომელთა აჩრდილებსაც ახლაც ვხედავ მთავრობის სასახლის წინ, ასაფრენად გამზადებული მიმინოებივით წამომართულებს და გაზაფხულის ღამეული ცისკენ რისხვით მუშტშემართულებს.
და ახლაც ცხადად ჩამესმის, უსინათლო ქალბატონების მიერ, გაუტეხლობის სიმბოლოდ ნამღერი „დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ – ფონზე, ხალხზე წამოსული ჯავშანმანქანების გრუხუნისა და მუხლუხოების ასფალტზე ღრჭიალის ფონზე ერთი ნატანჯი, საქართველოს გასათავისულებლად ბრძოლისათვის ციმბირში გადასახლებული და იქიდან დიდი სახელით დაბრუნებული კაცის ხმა, იმ კაცისა, რომლის ერთადერთი ულამაზესი ბიჭიც, ვიდრე მამამისი საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ციმბირში სასჯელს იხდიდა, საკუთარ სახლში კაშნეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. კაცისა რომელიც ვერავინ ვერ დაამარცხა, ვერ მოათვინიერა, ვერ დასაჯა, ვერც მთელმა რუსეთის დედააფეთქებულმა იმპერიამ, ვერც მტერმა და ვერც სიკვდილმა.
„ძმანო და დანო!… საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთერთი უდიდებულესთაგანი, როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი ქართველი ერი, ღვთის წინაშე!…“
2019 წელი 9 აპრილი
სრულად წაიკითხეთ სტატია