ბელარუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

Civil Georgia 1 თვე წინ 44
ბელარუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

ბელარუს აქტივისტ დიმიტრი გრინკევიჩს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, იტყობინება ბელარუსული გამოცემა Pozirk 8 მაისს, უფლებადამცველ რამან კისლიაკზე დაყრდნობით. შემოსვლაზე უარის ოფიციალური მიზეზი უცნობია.

კისლიაკმა, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის აქტიური წევრი იყო. 2023 წელს გრინკევიჩმა და ბელარუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა ანდრეი მიალეშკამ ინტერვიუ ჩამოართვეს კისლიაკს ბათუმში პოლიციის განყოფილების წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს. მიალეშკას საქართველოში შემოსვლაზე უარი 2024 წლის სექტემბერშიც უთხრეს. იგი, ოჯახთან ერთად, 2021 წელს ბელარუსიდან პოლიტიკური მიზეზების გამო გამოქცევის შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა.

Pozirk-თან საუბრისას გრინკევიჩმა განაცხადა, რომ ის და მისი მეგობარი 8 მაისის დილას ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდნენ, საიდანაც სომხეთის საზღვრისკენ გაემართნენ, რათა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა აღედგინათ. მისი თქმით, ქვეყნიდან გასვლისას, ქართველი მესაზღვრეები მას არასათანადოდ მოეპყრნენ. როდესაც ის სომხეთიდან დაბრუნებას ცდილობდა, დაახლოებით საათნახევარი გააჩერეს, რის შემდეგაც საქართველოში ხელახლა შემოსვლის აკრძალვის დოკუმენტი მისცეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. ოპონენტები ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აპრილში ქვეყნიდან 96 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა. „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისკენ მიმართული სხვა ზომების მიღებაა, ხოლო დაგეგმილი ცვლილებების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობის ზრდა სახელდება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია