ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურში გაიმარჯვა

Civil Georgia 3 თვის წინ 8
ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურში გაიმარჯვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 მარტს გაიმართა, სადაც ბადრა გუნბამ, არაოფიციალური წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბას მოუგო. გავრცელებული ინფორმაციით, გუნბა მოსკოვის ფავორიტი კანდიდატი იყო.

არჩევნების შემდეგ ღამით, გუნბამ თავის საარჩევნო შტაბთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და გამარჯვება გამოაცხადა. „ეს არ არის ბადრა გუნბას და ბესლან ბიგვავას გუნდის გამარჯვება. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „აფხაზეთის მომავლისთვის ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ“.

აფხაზური ტელეგრამის არხის AMRA-life-ის ცნობით, წინასწარი მონაცემები ასეთია:

  • ბადრა გუნბა – ხმების 56% (54,859 ხმა);
  • ადგურ არძინბა – 42% (41701 ხმა);
  • ყველა კანდიდატის წინააღმდეგ – 2% (2037 ხმა).

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „ოფიციალურ შედეგებს“ სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას მისალოცი წერილი გაუგზავნა. „დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობები კვლავაც გაძლიერდება ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია წერილში.

„შეიარაღებული თავდასხმა“ საარჩევნო უბანზე

„არჩევნების დღე“ ძალადობით დასრულდა. დაახლოებით 19:30 საათზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც გაგრის რაიონის ცანდრიფშის სკოლის მე-2 საარჩევნო უბანზე „შეიარაღებულ თავდასხმას“ საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო დოკუმენტების დაზიანება მოყვა, იტყობინება „აფსნიპრესი“ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

თავდამსხმელებმა მანქანებით მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების მიერ მათი დევნის დროს „მიუსერის საგუშაგოზე“ სროლა მოხდა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებს. ინციდენტის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე თავდამსხმელი დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე, მათ შორის ტერორიზმის მუხლით აღძრა, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

ინციდენტების შემდეგ გუნბამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პირების უპასუხისმგებლობა. იმედია ამას ტრაგედია არ მოყვება. ჩვენი ქვეყნის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე იმსახურებს თავისუფალ, დამოუკიდებელ და აყვავებულ სახელმწიფოში ცხოვრებას“.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი გასული წლის ნოემბერში, ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. ვინაიდან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაგმო აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის „მორიგი უხეში დარღვევა“ უწოდა.

საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს და მათ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ნებისმიერ დიპლომატიურ ჩართულობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ დაგმეს პროცესი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ აღიარებენ მის ლეგიტიმურობას.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია