ახლა სასტუმროები დატვირთულია, მაგრამ ჯამურად, იანვრიდან დღემდე სახარბიელო შედეგი არ გვაქვს – KA Group

News.ge 17 საათი წინ 6
ახლა სასტუმროები დატვირთულია, მაგრამ ჯამურად, იანვრიდან დღემდე სახარბიელო შედეგი არ გვაქვს – KA Group

სასტუმროების მენეჯმენტკომპანია KA Group-ის დამფუძნებლის ირაკლი ჭიღლაძის შეფასებით, ამჟამად, მათ მართვაში არსებული სასტუმროები კარგადაა დატვირთული, თუმცა ჯამურად, წლის პირველი 7 თვის შედეგები “სახარბიელო არაა”.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.
KA Group-ი ბაზარზე 2018 წლიდანაა და დღემდე, კომპანიას 27 სასტუმროს გახსნის, მართვის ან ქონსალთინგ სერვისებით თანამშრომლობის პრაქტიკა აქვს. ამჟამად, KA Group-ი საქართველოსა და სომხეთში სასტუმროების მართვის სფეროში ერთ-ერთი აქტიური მოთამაშეა. კერძოდ, მენეჯმენტკომპანია საქართველოში [თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში] 5 სასტუმროს მართავს, ასევე, კომპანიის მართვაშია კურორტ საირმეში Sairme Hotels & Resortt; 2025 წლიდან კი კომპანია სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამი სასტუმროს მმართველიცაა.
„დღევანდელი მდგომარეობით, სასტუმროების დატვირთულობის კარგი მაჩვენებლი გვაქვს და ეს ყველა რეგიონს ეხება, მაგრამ თუ ვისაუბრებთ პირველი იანვრიდან დღემდე რა სიტუაციაა, სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს… წელს, დაბალ სეზონზე ვერ მივიღეთ ის შედეგები და რიცხვები, რაც გვქონდა გაწერილი; მეტიც არა მხოლოდ გეგმას, ბევრ სასტუმროში, წინა წლის დატვირთულობის მაჩვენებლებსაც კი ჩამოვრჩით. შესაბამისად, ახლა, მაღალ სეზონზე მაქსიმალურად ვცდილობთ, წინა თვეების ჩამორჩენა როგორმე დავაბალანსოთ”, – თქვა მან “წერტილში”.
ირაკლი ჭიღლაძე იზიარებს საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ უხლესი კვლევის ძირითად მიგნებებს და ამბობს, რომ სასტუმროების ჭარბი მიწოდება და ტურისტების შეცვლილი პროფილი და გეოგრაფია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჰოტელიერებისთვის, რატომაც მენეჯერები გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, სასტუმროს ნომრების ფასის ზრდას ვერ ახერხებენ.
„წეერტილთან“ ინტერვიუში, სასტუმროების ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, ირაკლი ჭიღლაძემ გამოწვევებს შორის შემცირებულ საქმიან ღონისძიებებზეც ანუ ე.წ. MICE ტურიზმზეც გაამახვილა ყურადღება.
„MICE ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მიმართულებაა სასტუმროებისთვის, რადგან გარდა სტუმრების განთავსებისა, საქმიანი ღონისძიებების დროს დამკვეთს ჩვენგან სჭირდება საკონფერენციო დარბაზი, ე.წ. ყავის შესვენება, სადილი და ა.შ. ამ მიმართულებით ადგილობრივი კომპანიებიც კი, ნაკლებად აქტიურები არიან”, – განაცხადა ირაკლი ჭიღლაძემ და იქვე დასძინა, რომ MICE ტურიზმზე დადებითი გავლენა ჰქონდა ასევე, USAID-ის, GIZ-ის, UNDP-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებებს, რაც შემცირებულია.
საგადასახადო შეღავათები, ახალ ბაზრებზე ადაპტაცია, მეტი სუბსიდირებული ფრენები და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – ეს ის ძირითადი აქტივობებია, რაც სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებლის აზრით, უნდა გატარდეს, რათა სასტუმროების სექტორმა გამოწვევებს უპასუხოს.

სრულად წაიკითხეთ სტატია