აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

Civil Georgia 1 თვე წინ 33
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის 168 რესპუბლიკელმა და 181 დემოკრატმა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 42-მა, მათ შორის 34 რესპუბლიკელმა და 8 დემოკრატმა კონგრესმენმა მისცა.

კანონპროექტი ახლა სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ, რის შემდეგაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად, რათა დოკუმენტმა კანონის ძალა შეიძინოს.

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, მოსთხოვს პრეზიდენტს სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში ან ძალადობისა და დაშინების ქმედებებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად. სანქციები უშუალოდ მათ ოჯახის წევრებსაც დაეკისრებათ.

განხილვის დროს ხუთმა კონგრესმენმა ისაუბრა. მათგან ოთხმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ფლორიდიდან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ჯ. მასტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და განაცხადა, რომ ქართველი ხალხი „ცნობილია“ თავისი „პროამერიკული განწყობით“, მაშინ როცა, „სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან გააუარესა „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომლებიც რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას იმეორებს, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებამ“. მან დასძინა, რომ „შეერთებულმა შტატებმა უნდა დააჯილდოოს პარტნიორები კარგი საქციელისთვის“, და ხაზგასმით აღნიშნა: „ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე. ის ცდილობს მათ მხარდაჭერას იმ თაღლითი ჩინოვნიკების დასჯით, რომლებიც მათ შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო აშორებენ“.

„ეს კანონპროექტი არის პასუხი საქართველოში დემოკრატიული სიტუაციის გაუარესებაზე. ის ქართველ ხალხს აცნობებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიისკენ სწრაფვაში, პატივს ვცემთ მათ უფლებებს და უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში“, – განაცხადა მერილენდის დემოკრატმა კონგრესმენმა ჯონი ოლშევსკიმ და დასძინა, რომ „ის ასევე ქმნის ჩარჩოს საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის მომავალში“.

კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) მიესალმა ქართველი ხალხის პროტესტს და დაგმო „ქართული ოცნების უკანონო რეჟიმი“ და „ამერიკის მოძულე მაფიის კაბალა“, რომელიც, მისი თქმით, „ქვეყნის აშშ-ის მოწინააღმდეგეებზე გაყიდვას ცდილობს“ – მას მხედველობაში ჰქონდა ჩინეთი, ირანი და რუსეთი. მან ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ანტიდასავლური პროპაგანდისთვის და ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, „დიფ სთეითის იარაღად“ მოქმედებაში დადანაშაულებისთვის. ჯო უილსონმა დასძინა: „ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ „ტიტუშკების“ წინააღმდეგ მათი უკანონო ქმედებებისთვის. ის ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს დაუბრუნდება“.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ კოენმა (დემოკრატი, ტენესი) განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ქართულ კოშმარად გადაიქცა“ და მმართველ ძალას „არალეგიტიმური“ უწოდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშულა. მან შეაქო მიმდინარე საპროტესტო აქციები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებასა და სასამართლო პროცედურების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. აღნიშნა რა, რომ MEGOBARI აქტი საქართველოს ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა, მან განაცხადა, რომ კანონი „ქართული ოცნების“ „ყველა“ თანამდებობის პირს შეაფასებს სანქციების დასაწესებლად.

ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი უორენ დევიდსონი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა და განაცხადა, რომ ის „არასწორია“. მან აღნიშნა: „ამერიკელმა ხალხმა აქ იმისთვის არ გამოგვგზავნა, რომ ამერიკის უსაფრთხოების საფარი მსოფლიოს უფრო მეტ ნაწილში გავავრცელოთ. ჩვენ არ გვინდა ჩავერთოთ ყველა კონფლიქტში, რომელშიც მიგვიწვევენ და, რა თქმა უნდა, არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტების ძებნა“. დევიდსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს მხოლოდ „კარგი უნდა უსურვოს საქართველოს მოსახლეობას“, თუმცა იქვე „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომის მხარდაჭერისკენ  მოუწოდა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ჯ. მასტმა ასევე განაცხადა: „ამერიკის გულუხვობით ვერ ისარგებლებენ ისინი, ვინც შეერთებულ შტატებს გლობალური ომის პარტიის ნაწილად ყოფნაში ადანაშაულებენ, რითაც მან „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა.


MEGOBARI აქტის მიღების შემდეგ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მაღალი რანგის წევრმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა და კონგრესმენმა მარკ ვისიმ პრესრელიზი გამოაქვეყნეს, რომელშიც მიესალმნენ მის მიღებას და განაცხადეს, რომ „ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონმდებლობა გააძლიერებს დემოკრატიულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას“ საქართველოში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ერთგულება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ.

კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტი ძლიერ გზავნილს უგზავნის ქართველ ხალხს, რომ აშშ მხარს უჭერს მათ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს „კორუმპირებული“, მის „ქართული ოცნებას“ „ქართული კოშმარი“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებს „ფუნდამენტურად ხარვეზიანი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ MEGOBARI აქტი „დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის პაიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ურთიერთობის გაღრმავების გზით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება“.

„MEGOBARI აქტი აძლიერებს ჩვენი ერის მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და კავკასიაში დემოკრატიული ძალისხმევის მიმართ“, – განაცხადა კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა. „ეს კანონპროექტი მნიშვნელოვნად უპირისპირდება პუტინსა და მის გარემოცვას, რომლებიც რეგიონში გავლენის აღდგენას ცდილობენ“.

შენიშვნა: მასალა განახლდა 6 მაისს, 13:25 საათზე და მას კონგრესმენების პრესრელიზი დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია