აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.
„სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა.
„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – აცხადებს საელჩო.
2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციისა და ევროპული გზიდან გადახვევის, ასევე რამდენიმეთვიანი ანტისახელისუფლებო პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან და ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს. „ქართული ოცნების“ თქმით, რესპუბლიკელ პრეზიდენტთან საერთო ღირებულებები აქვს და ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის მიმდინარე „ბრძოლაში“ ფსონს სწორედ ტრამპზე დებს. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ბრძოლის შედეგი განსაზღვრავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მომავალს.
ასევე წაიკითხეთ: