
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე:
დილიდან ყოველი მეორე პოსტი ანდრო ჭიჭინაძის მილოცვით და ფოტოთი მხვდება.
მისმა დაკავებამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება, რადგან – “ცნობილი სახეა”, როგორც ჩვენთან ეძახიან.
მეგობრებიც ძალიან ერთგულობენ – ძირითადად მსახიობები, რეჟისორები. თეატრიც გამოექომაგა.
იმ შერჩეულ პროცესთა შორის, რომლებსაც ვესწრები, ერთ-ერთი ანდროსია.
რასაც ვუყურებ, მისი ბრალეულობა ამ დრომდე არაფრით მტკიცდება –
არც პოლიციელზე თავდასხმა, არც
ორგანიზებული მოქმედება.
გარდა იმისა, რომ ანდრო თავიდანვე ჭარბი ყურადღებით სარგებლობდა, საქმის მსვლელობისას მან გამორჩეულად დაიმსახურა ჩემი პატივისცემა.
მთელი პროცესი დგას, გულმოდგინედ უსმენს მოწმეს, უფლებადამცველს, მოსამართლეს…
ესალმება ყველა მისულს, გამოხატავს მათ მიმართ სითბოს და მადლიერებას.
იშვიათად რომ დაინახო დამჯდარი.
ეს დგომა ხასიათიანია – კაცის დგომის მთავარ მნიშვნელობას ატარებს.
ამიტომ ანდრო ჩემთვის “ცნობილი სახე” აღარ არის – ანდრო პირისპირ უდგას რეჟიმს და უსწორებს თვალს, არ არჩენს სიტყვას.
ამდენი ხანია შემოდის და დგება. შეუპოვრად.
დედა სხვა გრძნობას და დატვირთვას ატარებს, ამიტომ პატიმრების დედები ყოველთვის ყურადღებას იპყრობენ…
და მედია, პოლიტიკური პირები… ყოველთვის მათ გამოყოფენ – ისინი ჩვენ ვიცით.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ანდროს უკლებლივ ყველა სხდომაზე შედის მისი ძმა – ვასკა.
ჯდება უკან მარჯვნივ კუთხეში და მთელ პროცესს ძმასთან ერთად ისეთივე დაძაბული აკვირდება, უსმენს, როგორც ანდრო.
მისი ინტერესი არ არის გარკვევა, მისი ძმა დამნაშავეა თუ არა – რადგან იცის, რომ არ არის.
ვასკა მიდის, რომ ანდროს ხერხემალი ჰქონდეს გამართული, რომ უმცროსმა ძმამ სიმართლის რწმენა და ძალა არ დაკარგოს ცხოვრებაში.
სადმე სისუსტე არ აჩვენოს, რამე არ შეეშალოს, თუ ზეწოლა გაიზარდა – მარტოობა არ იგრძნოს…
და ყოველ ჯერზე კმაყოფილია – თავისი ძმის დგომით, სიტყვით, მოქცევით – რომ ანდრო ერთდროულად დარჩა მართალიც და გაუტეხელიც.
შემდეგ საღამოს მიდის და დგება რუსთაველზე, ჭიჭინაძის კუთხეში – და იქაც უსწორებს თვალს რეჟიმს.
ყოველ დღე, დაუღალავად, მუდმივი განცდით, რომ ყურადღებას აკლებს საკუთარ ოჯახს, შვილებს… საქმეს, რომელიც გვერდით გადადო.
მოწმეს ვუსმენდი, მითქმა-მოთქმა ატყდა. მოვიხედე, ანდრო გვეკითხებოდა – ვასკა წავიდა? გავხედე და დაღლილს თავი ჰქონდა ჩამოდებული წინა სკამზე – მაშინვე ასწია – არა, აქ ვარ!
ჩვენ მტკიცე და შეუპოვარნი ვართ რეჟიმის პირისპირ, რადგან ანდრო მტკიცეა, პატიმრები უტეხები არიან.
და ანდრო მტკიცეა – შენი ძმობით, ვასკა!
და ამიტომ შენ გილოცავ განსაკუთრებით მის დაბადების დღეს – და ამ ქვეყანას ვულოცავ, რომ შენი სახით ასეთი ძმობა კიდევ არსებობს.
ე.ი საქართველო არსებობს.