
“გიორგი გეგეჭკორი 102 მართალია, ყველგან 23 თებერვალი წერია, მაგრამ მისი ნამდვილი დაბადების დღე დღეს არის, 21 თებერვალს” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გეგეჭკორის შვილიშვილი ანანო მირიანაშვილი.
გთავაზობთ, ანანო მირიანაშვილის ბლოგს – რუსთაველის თეატრის გასტროლები მექსიკაში, 1977 წელი
ტოლუკა – 2700 მეტრი, პატარა ქალაქი. 6-ში პირველი წარმოდგენა, „სამანიშვილი“[1], ბეწვის ხიდზე გავდივართ.
შესავალი მექსიკელმა არტისტმა წაიკითხა, (რუსთაველის) თეატრი გააცნო საერთოდ, წარმოდგენის პირობაც გააცნო და მოკლე შინაარსიც. წარმოდგენა ძალიან კარგად წავიდა, მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და ბუხუტის[2] ცუდად გახდომისა – წნევა დაერღვა და ა.შ. ბოლოს ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ახალგაზრდა მექსიკელები შემოვიდნენ და აღფრთოვანებულები გვეუბნებოდნენ, რომ მექსიკელებს გავხართო ტემპერამენტითო და საერთო აღფრთოვანება გამოხატეს.
ბუხუტი ცუდად გვყავს, ალბათ ეროსის მოუწევს შესვლა…
მოკლედ, ბეწვის ხიდზე გავედით. ვნახოთ, რა გველის წინ?… მივდივართ სხვა ქალაქში.
7-ში პუებლოში „კავკასიური[3]“
უზარმაზარი დარბაზი, ხალხი – ნახევარი მოწვეული, ნაწილი ბილეთებით. დარბაზის მეოთხედი იყო, ვინაიდან წრე არ იყო და კულისებიც არ იყო, ამიტომ ტექნიკურად წარმოდგენას ბევრი ხარვეზი გააჩნდა. ამ სპექტაკლს თუ რომელიმე კომპონენტი აკლდება, ხელად ეტყობა ხოლმე. წარმოდგენის შემდეგ აპლოდისმენტები კი იყო, მაგრამ ჩვეულებრივი, ვინაიდან ენა არ ესმით. პირველი ნაწილი გაჭიანურებულად წავიდა. მსახიობებიც აჭიანურებდნენ, მაგრამ რამაზმა (რამაზ ჩხიკვაძე – აზდაკი) ამოქაჩა. ბუხუტი ისევ ცუდად გვყავს.
8-ში წამოვედით ისევ მეხიკოში, სასტუმრო „რიცი“. მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო ანტრეპრენიორთან, იქნებ გააგრძელოს ჩვენი გასტროლები. ხვალ, 9-ში „ცარცი“, ზეგ, 10-ში „სამანიშვილი“. ბუხუტი მძიმედ არის. ალბათ ეროსის მოუწევს თამაში. ეს დიდი სისულელე იყო ბუხუტის წამოსვლა მექსიკაში. ტოლუკა მაღალია, 2700 მეტრი, საერთოდ, მექსიკა მაღალ ზეგანზეა, ასე რომ, აკლიმატიზაცია გავიარეთ.
მექსიკა საოცარი ქვეყანა ჩანს… გულისხმიერი ხალხი, ინდიელების და ესპანელების ნარევნი არიან, ძირითადად დაბალი ტანისანი და მუქი ფერისანი. ისე, უმთავრესად ფულის კეთებაზე არიან გადასული.
ჩვენი გასტროლები, ვინაიდან ფესტივალში ვმონაწილეობთ, ცოტა არაორგანიზებულია. მართალია, ორი დიდი ავტობუსი გვემსახურება და სასტუმროები კარგია, მაინც სპექტაკლების ხარისხი ის არ არის, რაც უნდა იყოს. აუცილებელი იყო პირდაპირი თარგმანი…
ვნახოთ, ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს. პესოები (მექსიკური ფული) ჩეჩქივით იხარჯება. საჭმელი მაინც ძვირი და უგემურია… ქათამს ზეთზე წვავენ… ცხარე და წიწაკიანი უყვართ… ნეტავი ჩვენები როგორ არიან… მომენატრნენ. უკვე 13 დღეა, რაც თბილისიდან წამოვედი. ნეტავი 16-ში დამთავრდეს ყველაფერი და დავბრუნდეთ.
ძალიან დიდი ქალაქია მეხიკო. ამბობენ, 10 მილიონზე მეტიაო. ძალიან ლამაზი ქალაქია.
ჰო, ვიყავით და ვნახეთ აქაური პირამიდები… ადრეული საუკუნისანი…. აცტეკების და აპაჩების დროინდელი მზის და მთვარის პირამიდები. კორიდაზეც იყვნენ, მე ვერ წავედი…
საქონელი იმდენია მაღაზიებში, რომ თვალები აგიჭრელდება… გოგიკას საღებავები, ფუნჯები და ელ გრეკო უნდა ვუყიდო…
აფსუს, პესოები ცოტაა. ისე ამდენი არტისტი ერ
თად და ამდენ ხანს, ისიც უცხოეთში ძნელი გასაძლებია… რას იზამ, ვითმენ… ნეტა ბუხუტი რას იზამს?… ღმერთო, ნუ გაგვწირავ… ტოლუკაში, პირველივე წარმოდგენაზე… დღის რეპეტიციაზე ცუდად გახდა, ყურებში არაფერი მესმისო, წნევა დაერღვა… საღამოს კი, ენა ებორძიკებოდა და მე ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან… მერე მითხრა, ტექსტი ხომ არ შემშლიაო? მე ვუპასუხე – არა-მეთქი. აბა, რა მექნა?! დღეს გაჯიუტდა და საავადმყოფოში არ წაჰყვა ექიმებს. სასტუმროში წევს. ვნახოთ, ხვალ როგორ იქნება….
საღამოს ვიყავით კინოში. „დეკამერონი“, იტალიური სურათი, პაზოლინის გადაღებული.
9-ში მეხიკოში „ცარცის წრე“
აქ უკეთესად წავიდა, ვიდრე პუებლოში. დეკორაციებიც უკეთ გამოიყურებოდა, წრე არც აქ იყო…
..