„ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“ - სახლი თბილისში, რომელიც ღვინით არის აშენებული

Primetime.ge 3 საათი წინ 1
„ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“ - სახლი თბილისში, რომელიც ღვინით არის აშენებული
მელიქ აზარიანცის სახლი თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.აზარიანცი 35 წლისა იყო, ქალიშვილი რომ შეეძინა, რომელსაც თაქუი დაარქვა, რაც ქართულად „დედოფალს“ ნიშნავს.შესაძლოა, თაქუი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში, მაგრამ მართლა დედოფალივით კი ექცეოდნენ. 22 წლისა იყო, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გოგონა მძიმედ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.მელიქ აზარიანცმა შემოსავლიანი სახლი სწორედ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააშენებინა. არქიტექტორმა ნიკოლაი ობოლონსკიმ კარგად იცოდა დამკვეთის პირადი ტრაგედიის შესახებ და ამადაც შეამკო შენობა სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით..სახლი თავისი ინფრასტრუქტურით უნიკალური გახლდათ, მდგმურების განკარგულებაში იყო: მაღაზიები, ფოტოსალონი, სადალაქო, დასასვენებელი ბაღი და მეფაიტონეთა სადგომი და რაც მთავარია, სახლი იმ დროისათვის უჩვეულო სიახლეებით იყო აღჭურვილი: ავტონომიური ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით. ამბობენ, წყლის რეზერვუარები შენობის გუმბათში იყო განთავსებულიო.იმ პერიოდის თბილისში აზარიანცს ჰქონდა გამოყვანილი საკუთრად წყალი და გადასახადსაც იხდიდა. შენობა არ იყო ბოლომდე დასრულებული, როცა მთავრობამ მას წყლის გადასახადი გაუძვირა. აზარიანცი ძალიან განაწყენდა მთავრობის უსამართლო მოთხოვნაზე და წყალზე საერთოდ უარი თქვა. იმ პერიოდში, ღვინო წყალზე უფრო იაფი ღირდა. მელიქ აზარიანცმა ძალიან დიდი რაოდენობით ღვინო შეისყიდა გლეხებისაგან და თავისი სახლის მშენებლობა სწორედ ამ ღვინით დაასრულა.ყველაზე საინტერესო კი შენობის სარდაფებია. მიწის ქვეშ უზარმაზარი გვირაბები ყოფილა, რომლებიც ამჟამად დალუქულია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, როდესაც საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ და მდიდრებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს, მელიქ აზარიანცი სარდაფში, თავის საიდუმლო ოთახ-სეიფში შესულა, რათა ძვირფასეულობა გამოეტანა. შემთხვევით სეიფის კარი გარედან ჩაკეტილა, არადა, იმ სეიფის არსებობა მის გარდა არავინ იცოდა. ზოგიერთები ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო.არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც უფრო შეეფერება სინამდვილეს. სხვა მილიონერებისაგან განსხვავებით, რომელთაც საქართველოდან გაქცევა მოახერხეს, მელიქ აზარიანცი თბილისში დარჩა. მას ჩამოართვეს მთელი ქონება და საკუთარ აშენებულ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი გამოუყვეს, ისიც კიბის ქვეშ, სადაც თავისი დარჩენილი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ ერთ დროს ყველაზე მდიდარი ადამიანი მეგობრების საზიარო ფულით იქნა დაკრძალული.ნაგებობა 2015 წელს დაზიანდა, მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. წყარო: თბილისური სახლების ისტორია
სრულად წაიკითხეთ სტატია