
საზღვაო საკონტეინერო გადამზიდავი კომპანია „კოსკო შიპინგის“ კომერციული მენეჯერი ვარაუდობს, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტის გამო, აზიური, მათ შორის ჩინური ტვირთების 60%, რომელიც ირანის გავლით მოძრაობდა, საქართველოს პორტების გავლით მოხვდება დანიშნულების ქვეყანაში.
„საქმის კურსთან“ თემაზე საუბრისას გივი ჩაჩანიძე ამბობს, რომ ქართველი გადამზიდავები ახალი ტვირთების მომსახურებისთვის მზად არიან, რადგან წითელი ზღვის კრიზისამდე, ისინი აღნიშნულ ტვირთებს ისედაც ემსახურებოდნენ, რამეთუ სტანდარტულ ვითარებაში ირანი გადამზიდავებისთვის საინტერესო სატრანზიტო ქვეყანა არ არის. ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში ტვირთების საქართველოზე გადმომისამართება მომდევნო კვირიდან იქნება შესამჩნევი.
დღეს რასაც ვგრძნობთ, ჩვენი ძველი აზერბაიჯანელი კლიენტებიდან, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ, აზიისა და შორი აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად ირანის მარშრუტით სარგებლობდნენ, დღეს მოდის შეკითხვები, რადგან თუ ასე გაგრძელდა, ისინი ირანის გავლით ტვირთებს ვეღარ გაატარებენ. ეს იქნება მათთვის ძალიან სარისკო და ირანსაც არ ექნება ამის შესაძლებლობა არსებული დაბომბვებიდან გამომდინარე. თუ შუა დერეფნის კონტექსტში გადავიტანთ ამას, ჩვენთვის არანაირი დადებითი კონტექსტი არ ექნება, იმიტომ რომ შუა დერეფანი აზერბაიჯანისთვის მთავრდება აზერბაიჯანში და საქართველოსთან ვერანაირი შეხება ვერ ექნება, შესაბამისად თუ აზიური და ჩინური ტვირთებით აზერბაიჯანში არა საქართველოს გავლით, არამედ შუა დერეფნით წავიდა, ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ იქნება. ვფიქრობ, მთლად ასეთი დაწოლაც არ იქნება, რადგან არსებობს რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც შუა დერეფნით აზერბაიჯანისთვის კეთდება და ვფიქრობ, შუა დერეფანი ირანიდან მთელი ამ ტრანზიტის გადატანას ვერ მოერევა. უფრო ვფიქრობ, რომ ტვირთების მინიმუმ 60% საქართველოს, ფოთის და ბათუმის პორტების გავლით წამოვა.
სტანდარტულ ვითარებაში ირანის სატრანსპორტო მარშრუტი საინტერესო არ არის. ამაში ვგულისხმობ წითელი ზღვის კრიზისს, როდესაც მაგალითისთვის ჩინეთიდან ტვირთების სატრანზიტო დრო 40 დღე იყო და აზერბაიჯანამდე ტრანზიტი 5 დღე. ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ირანი სანქცირებულია, არ არის სვიფტი, უჭირთ მათ კომერციული შეთანხმებების მიღწევა ირანელებთან. ამასთან, აზერბაიჯანს თავისი პოლიტიკური დაძაბულობა აქვს ირანთან. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, ისინი იძულებულნი არიან იმუშაონ ირანთან, რადგან ჩვენი დერეფანი ძალიან დიდია სატრანზიტო დრო. ამიტომ ვფიქრობ, რომ შემდეგი ნაბიჯი აზერბაიჯანისთვის საქართველოზე გადმორთვა იქნება. რადგან მოკითხვა უკვე დაიწყეს, პირველ ჯავშნებს შემდეგი კვირიდან უკვე დავინახავთ“, – ამბობს გივი ჩაჩანიძე.
„კოსკო შიპინგის“ კომერციული მენეჯერი იმასაც განმარტავს, რომ ირანის გავლით გასატარებელი ტვირთების საქართველოზე გადამისამართებას, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას ინფრასტრუქტურულად ამ ტვირთების გატარების რესურსი აქვს.
„ჩვენს დერეფანზე ტვირთების გადმომისამართება პატარა პლუსია, რომელსაც ბევრი მინუსი მოჰყვება. თუ აქამდე წითელი ზღვის კრიზისი იყო და გვიჭირდა ახლო აღმოსავლეთში, ახლა ამას სპარსეთის ყურის კრიზისი დაემატა და შესაბამისად ეს რეგიონი უფრო გართულდება და შეიძლება მიუწვდომელიც აღმოჩნდეს.
მაგალითისთვის, ისრაელის მიმართულებით საკმაოდ კარგი ტვირთბრუნვა გვაქვს, რომელიც ამ ეტაპისთვის ჩვენს შემთხვევაში სრულად გაჩერებულია. ველოდებით მომდევნო ინსტრუქციას – რა იქნება, რადგან საპორტო ქალაქ ჰაიფაზე მოხდა შეტება და გაჩერებული ვართ.
ტვირთების გატარების რესურსი ნამდვილად გვაქვს. წითელი ზღვის კრიზისამდე ჩვენ აზერბაიჯანის საკონტეინერო ტვირთების 80-90%-ს ვემსახურებოდით, დღეს კი შეიძლება მხოლოდ 40% მოდიოდეს. თუ ეს მაჩვენებელი ისევ 80%-მდე გაიზრდება, ჩვენ ამის მომსახურება ჩვენს პორტებს, ტერმინალებს და რკინიგზას არ გაგვიჭირდება“, – განმარტავს გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი.