
მიუხედავად ავტომობილების რეექსპორტის ზრდისა, ბაზარი კვლავ პროფიციტური რჩება – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გასულ წლებში შემოყვანილი მსუბუქი მანქანების გარკვეული ნაწილი ამ დრომდე არაა რეალიზებული.
„მოგეხსენებათ, 2023 წელს ქვეყანაში 60 ათასით მეტი ერთეული მანქანა შემოვიდა და ის რაოდენობა ჯერ სრულად არ არის გაყიდული. არსებული ვითარება კი ადგილობრივი დილერებისთვის გამოწვევაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ სექტორში კვლავ მაღალია უცხოელი დილერების მხრიდან შექმნილი არაჯანსაღი კონკურენცია“, – აღნიშნა ნონიაძემ.
მისი თქმით, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლების მაღალი პროცენტულობით ზრდა, შესაძლოა, იმასაც უკავშირდებოდეს რომ ყაზახ და ყირგიზ დილერებს, ქართველი დილერების გვერდის ავლით, თავად გაჰყავთ ეს მანქანები ექსპორტზე და საქართველოს იყენებენ როგორც ტრანზიტს.
„სწორედ ამით შეიძლება აიხსნებოდეს ის, რომ ერთის მხრივ გვაქვს რეექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების ზრდა, მეორე მხრივ კი – საავტომობილო პროფიციტი ქვეყანაში. შეუძლებელია იზრდებოდეს რეექსპორტის ოფიციალური მონაცემები და ჩვენ ისევ პროფიციტური ბაზარი გვქონდეს“, – განაცხადა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების 49 ათასი ავტომობილი გავიდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. შემოსავლების კუთხით, ეს მონაცემი 2024 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 30%-ით, ანუ 283 მილიონი დოლარით აღემატება. 2024 წლის მსგავსად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც, საქართველოდან ყველაზე დიდი მოცულობისა და ღირებულების ავტომობილი რეექსპორტზე ყირგიზეთში გავიდა.
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, 6 თვის ჯამური მონაცემებით, აქაც ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტში პირველ ადგილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს და საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში თითქმის 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების მანქანები შემოვიდა. ეს წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.