თბილისში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიასაშუალებამ, SOVA News, განაცხადა, რომ მისი ძველი დომენი, რომელზეც წვდომა 2024 წლის ივნისში დაკარგა, „უცნობმა პირმა“ ჩაიგდო ხელში და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს. „SOVA თავის ვებ-გვერდზე წვდომის დაბლოკვისა და კონტენტის მოპარვის მომსწრე გახდა, რაც მკითხველთა დეზინფორმაციად და ჩვენი პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლად შეიძლება ჩაითვალოს“, – ნათქვამია მედიასაშუალებაში.
„საიტის ახალი კონტენტით თუ ვიმსჯელებთ, სადაც გამოყენებულია ჩვენი იურიდიული პირის Sova.News-ის სახელწოდება, რესურსით მანიპულირების უკან რუსული პროპაგანდა დგას, რომელიც ცდილობს ჩვენი აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს“, – ნათქვამია ონლაინ მედია გამოცემის განცხადებაში, რომელიც 15 ოქტომბერში გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, არსებობს საფუძველი, რომ „საქმე გვაქვს ვებგვერდის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის მცდელობასთან“.
მართა არდაშელია, SOVA-ს მთავარი რედაქტორი, ფეისბუქის სტატუსში SOVA-ს ძველ დომენზე გამოქვეყნებული ახალი ამბების ერთ-ერთ სათაურს ციტირებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რუსული პროპაგანდისტული ნარატივის შესაბამისად.
„SOVA-ს რედაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი ძველი საიტი არ იმართება ჩვენს მიერ, მეტიც მისი ახალი მფლობელის მონაცემები დახურულია და ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობი. მასალები, რომლებიც ამ საიტზე ქვეყნდება არ იქმნება ჩვენი რედაქციის მიერ“, – წერს იგი.
SOVA-ს განცხადებით, ძველი დომენი sova.news გარკვეული „საეჭვო ქმედებების“ გამო გაუქმდა და საიტი გადავიდა ახალ მისამართზე sovanews.tv, რომელიც გამოცემის ერთადერთი აქტუალური მისამართია.
„თუმცა, ახლა აღმოჩნდა, რომ SOVA-ს კუთვნილი დომენი იყიდა „უცნობმა პირმა“ და ქსელში ამ მისამართზე გამოჩნდა ჩვენი რესურსის უხეში გაყალბება ნაწილობრივ მოპარული კონტენტით“, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.