
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება, ანუ ტონაზე 400 ლარით. გადასახადის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა, რომლის ფარგლებშიც აგარის შაქრის ქარხანამ მაისის შუა რიცხვებიდან მუშაობა უნდა განაახლოს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ამბობს, რომ დროა სახელმწიფო აგარის შაქართან მიმართებით მეხანძრის როლიდან გამოვიდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში შაქრის ჭარხლის გაშენება მოხდეს, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება მარტივად მოწყვლადი არ იყოს და მუდმივად ხელშეწყობას არ საჭიროებდეს.
“ეს არის მეხანძრის როლი გარკვეულ სიტუაციებში, შესაძლებელია ეკონომიკის სამინისტროს ან მთავრობის ინიციატივით შემოსავლების სამსახური აკეთებს ასეთ გადაწყვეტილებას. ამ პრობლემაზე ბევრია ნაფიქრი, დათვალიერებულიც არის ეს ობიექტი.
აგარის შაქრის ქარხანა ტერიტორიულად არის ისეთ მიკროზონაში, სადაც შესაძლებელი იყო თავის დროზე ნედლეული ყოფილიყო. შესწავლილია ეს ტერიტორია, მის გარშემო შაქრის ჭარხალი მოდის დიდი რაოდენობით, რამდენიმე ჰექტარი ექცეოდა ამ ნათესებში. როდესაც იყიდა აზერბაიჯანულმა კომპანიამ არ იყო ის პირობები დაცული როცა გაიყიდა, ჩვენ დავათვალიერეთ 2015 წელს და იქ უკვე შაქრის ჭარხლის ცეხი უკვე აღარ არსებობდა. თავშივე გათვლა იყო, რომ შეგვიძლია შემოვიტანოთ ნედლეული ბრაზილიიდან და მისი გადამუშავება მოხდეს და ამავდროულად ამ კომპანიას აქვს შესაძლებლობა გემებით შემოიტანოს შაქარი და სეზონზე ისე იმუშაოს.
მთლიანობაში თუ გვინდა რომ ეს საკითხი გადაწყდეს სწორად, კარგად დასათვლელია, ყველა პროექტი მოგებიანი იყო. ამ ციკლურობით მხოლოდ ერთი პროდუქტი, შაქრის ჭარხალი არ მოდიოდა, მისი გადამუშავება ხდებოდა ერთ ნაწილში, მეორე ნაწილში მეცხოველეობაში მისი გამოყენება ხდებოდა,”-ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და სოფლის მეურნობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი.