UNWTO-ს გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერაზე უარის გამო აკრიტიკებს

Civil Georgia 3 კვირის წინ 16
UNWTO-ს გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერაზე უარის გამო აკრიტიკებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, უარყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს მის ხელახალ არჩევას, მასთან იყო შეთანხმებული. პოლოლიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასთან დაკონტაქტების არაერთი მცდელობის იგნორირებაში დაადანაშაულა. ერთი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პოლოლიკაშვილმა კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა.

პოლოლიკაშვილმა განაცხადა, რომ ის სამ კვირაზე მეტია უშედეგოდ ცდილობს კობახიძესთან დაკავშირებას. ტელეკომპანია „ფორმულამ“ მისი წერილობითი კომენტარი 14 მაისს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ  დაადასტურა, რომ ქართველი კანდიდატის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საემიროების კანდიდატს დაუჭერს მხარს.

თავის კომენტარში პოლოლიკაშვილმა უარყო „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ გადაწყვეტილება მასთან იყო შეთანხმებული და კობახიძეს მოუწოდა, „თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა“. „12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება“, – აცხადებს პოლოლიკაშვილი.

„მე არ წარმოვადგენ არც deep state-ს და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – იტყობინება „ფორმულა“ პოლოლიკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას, ირაკლი კობახიძე პოლოლიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სამწუხაროა“ გაეროს ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ასეთი ენის გამოყენება.

კობახიძემ პოლოლიკაშვილის მიერ „დიფ სთეითზე“ მითითებას შეუსაბამო უწოდა და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ მესმის, რა კავშირი აქვს „დიფ სთეითს“ ამ თემასთან.

მან განაცხადა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა „დემოკრატიულად“ არ ჩაითვლება. ერთ-ერთ ფაქტორად მან პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წინააღმდეგობა დაასახელა: „ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა“.

დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლოლიკაშვილის რეაქციამ მხოლოდ დაადასტურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების სისწორე.

15 მაისს ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ დააზუსტა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ დაუჭიროს მხარი პოლოლიკაშვილის კანდიდატურას, არ იყო დაკავშირებული არაბთა გაერთიანებული საამიროების ან სხვა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან. მან თქვა, რომ პოლოლიკაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება „არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ“.

„რომ არ ყოფილიყო ეს უდიერი მიდგომა, თავში ჩარტყმის მცდელობა და ა.შ. ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად“, – განაცხადა კობახიძემ.

მან დაადასტურა, რომ უგულებელყო პოლოლიკაშვილის მიერ მასთან დაკავშირების მცდელობები და განაცხადა: „მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს“. მან პოლოლიკაშვილის ქმედებები „სახელმწიფოს ღალატად“ შეაფასა.

პოლოლიკაშვილი პირველად გენერალურ მდივნად 2018 წელს აირჩიეს, ხოლო მეორე ვადით (2022-2025) ხელახლა 2021 წლის იანვარში იქნა არჩეული.

ტელეკომპანია „ფორმულას“ თქმით, 15 მაისს ზურაბ პოლოლიკაშვილთან ინტერვიუ იგეგმება. წინამდებარე მასალაც შესაბამისად განახლდება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია