TI საქართველო: ყაველაშვილი „არალეგიტიმური“ პრეზიდენტია

Civil Georgia 1 კვირა წინ 6
TI საქართველო: ყაველაშვილი „არალეგიტიმური“ პრეზიდენტია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 14 დეკემბერს დაგმო საპრეზიდენტო არჩევნები და მას „არალეგიტიმური“ უწოდა. ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო პროცესსაც და ახლად არჩეულ პრეზიდენტსაც აკლიათ ლეგიტიმურობა. TI საქართველომ მოუწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დანიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით, ასევე გაათავისუფლოს აქციების დროს დაკავებული „უკანონო პატიმრები“.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ” თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა, ასევე პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“, – აცხადებს ორგანიზაცია. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ  ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, დაიცვას კანონი  და კონსტიტუცია“.

14 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით მხარი დაუჭირა ყოფილი ფეხბურთელის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. სხდომა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა პროცესი შეაფასეს როგორც „არალეგიტიმური“ და „ფარსი“.

ოპოზიციამ მკაცრად დაგმო ყაველაშვილის დაგეგმილი არჩევა და „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ბრძანებით „კონსტიტუციური გადატრიალების“ მოწყობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის თაობაზე შეშფოთება საერთაშორისო დამკვირვებლებმაც გამოხატეს. რამდენიმე პარტნიორმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაშუ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად რჩება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია