TI საქართველო საბა სხვიტარიძის მიმართ გამოგონილ ბრალდებასა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

Civil Georgia 4 საათი წინ 3
TI საქართველო საბა სხვიტარიძის მიმართ გამოგონილ ბრალდებასა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში დეტალურად აანალიზებს ოპოზიციის აქტივისტის საბა სხვიტარიძის საქმეს და ასკვნის, რომ საქმე გაყალბდა სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ ძალისხმევას, რომლის მიზანიც სხვიტარიძის დევნაა მისი ოპოზიციური საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამო. ორგანიზაცია გამოგონილ ბრალდებაზე, უკანონო დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.

ვინ არის საბა სხვიტარიძე?

საბა სხვიტარიძე არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიტიკურ პარტია „ახალში“ გადასვლამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფში” მუშაობდა.  საბა სხვიტარიძე აქტიურად იყო ჩართული „რუსული კანონის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობაში და „ქართული ოცნების“ კრიტიკითაც იყო ცნობილი. იგი ორჯერ დააჯარიმეს 2024 წელს საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტვისთვის, მათ შორის ერთი უცხოელი აგენტების კანონს უკავშირდებოდა.

რა ბრალი აქვს წაყენებული სხვიტარიძეს?

საბა სხვიტარიძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ბრალდების მტკიცებით, იგი 2024 წლის 4 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა პოლიციელს – მირიან ქავთარაძეს და თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი, რითაც ჩაიდინა „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა“. აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ხერხთან დაკავშირებით

TI საქართველო საბა სხვიტარიძის ბრალდების საქმეში მის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის ადგილთან, გარემოებებთან და ჩადენის ხერხთან დაკავშირებით სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე საუბრობს. პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებშიც აღწერილია სხვიტარიძის მიერ ქავთარაძეზე ხელკეტით თავდასხმა სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“, სიტყვასიტყვით იდენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კოპირებულია. შემდგომი გამოძიება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავლენს სავარაუდო დანაშაულის ადგილის შესახებ: მაშინ, როცა პროკურატურა აცხადებს, რომ ეს მოხდა სასტუმრო „თბილისი მარიოტთან“, სხვა დოკუმენტებისა და კადრების თანახმად, ჯანმრთელობის დაზიანება თავისუფლების მოედანთან მოხდა და არა რუსთაველის გამზირზე.

არაერთი მოწმე ადასტურებს, რომ სხვიტარიძე იმყოფებოდა ქორთიარდ მარიოტთან, სადაც შელაპარაკება მოხდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ე.წ. „ტიტუშკებს“ შორის, რომელთა შორის მირიან ქავთარაძეც იყო. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქავთარაძემ ხელი დაარტყა იქვე მყოფ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ცდილობდა ნიღაბი ჩამოეხსნა მისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ქავთარაძეს არც პოლიციის ფორმა ეცვა და არც რაიმე სახის საიდენტიფიკაციო ნიშანი ჰქონდა, რის გამოც სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, რომ ის პოლიციელი იყო.

საქმეში მოიპოვება დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები – რამდენიმე ტელეკომპანიის, მათ შორის, „მთავარის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მიერ გადაცემული ვიდეომასალა, რომლებზეც აშკარად ჩანს, რომ როგორც საბა სხვიტარიძე, ისე მირიან ქავთარაძე იმ საღამოს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“ იმყოფებოდნენ და არა სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“. კადრებში კარგად ჩანს ჩხუბი, თუმცა ხელკეტების გამოყენება არ ჩანს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პროკურატურის ბრალდებებს.

გარდა ამისა, თავად პროკურატურის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემთხვევის ღამეს „კავკასიის მედიცინის ცენტრში სასწრაფოს მიერ თავისუფლების მოედნიდან შეყვანილია შს სამინისტროს თანამშრომელი მირიან ქავთარაძე. პაციენტის გადმოცემით თავის არეში მოხვდა აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი“.  ეს ეწინააღმდეგება „დაზარალებულის“ და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მას სხვიტარიძემ დაარტყა.

საბა სხვიტარიძის არასათანადო ბრალდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ რადგან მირიან ქავთარაძე არ ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას და პოლიციელად მისი იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო, „ეჭვგარეშეა, რომ საბა სხვიტარიძეს არ ჩაუდენია განზრახი დანაშაული, რომელიც „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“ „პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას“ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში სახეზე არ არის ამ დანაშაულის შემადგენლობის ორი ნიშანი „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“ და „პოლიციელის“ ჯანმრთელობის ხელყოფა“.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ქავთარაძე ფორმაშიც რომ ყოფილიყო, მისი ქმედება – ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და ოპოზიციის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თავდასხმა – წარმოადგენს თავად ქავთარაძის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და ისჯება კანონით.

საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავება, დამამცირებელი მოპყრობა და გამოძიების უმოქმედობა

ანგარიშში აღწერილია სხვიტარიძის უკანონო დაკავება, როცა ის მამასთან ერთად გურიაში მიემგზავრებოდა. პოლიციამ ის მანქანიდან ახსნა-განმარტების გარეშე ძალით გადმოიყვანა მანქანიდან. ის დააკავეს, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ორჯერ სასტიკად სცემეს.

ორგანიზაცია სხვიტარიძის მიმართ პოლიციის მოპყრობას აფასებს როგორც წამებას ან არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას სისხლის სამართლის კოდექსის 144¹ და 144³ მუხლებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვიტარიძე ოფიციალურად დაზარალებულად ცნეს, გამოძიებამ დამნაშავეები ვერ გამოავლინა და არც არავინ დასჯილა.

„ის ფაქტი, რომ საბა სხვიტარიძის მიმართ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საქმეზე თითქმის ორი თვის განმავლობაში გამოძიებას არაფერი დაუდგენია და არც არავინ ყოფილა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, სულ მცირე, მეტყველებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელთა, მათ შორის, სამსახურის უფროსის – კარლო კაციტაძის და გენერალური პროკურორის – გიორგი გაბიტაშვილის მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზე (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი)“, – ნათქვამია ანგარიშში.

დასკვნა

TI საქართველო აცხადებს, რომ საბა სხვიტარიძის საქმე „კონკრეტული მოქალაქის დასჯის მიზნით მიტაცებულ სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის კოორდინირებული მოქმედების მკაფიო მაგალითია“.  

ორგანიზაციის თქმით, „ცალსახაა, რომ გამოძიება თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებულია და მიზნად ისახავს საბა სხვიტარიძის დასჯას მის წარსულ და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიზნის მიღწევაში ჩართული არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების კონკრეტული წარმომადგენლები“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია