TI საქართველო: ახალი შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება

Civil Georgia 1 თვე წინ 19
TI საქართველო: ახალი შემზღუდველი ცვლილებები კრიტიკული ტელევიზიების განადგურების მიზანს ემსახურება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ორი საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლობის შესახებ და განაცხადა, რომ ისინი კრიტიკული მედიის განადგურების მიზანს ემსახურება და „უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას“.

სადავო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 24 თებერვალს დააინიცირა. პირველი ცვლილება მიზნად ისახავს აუდიოვიზუალური მაუწყებლების უცხოური დაფინანსების აკრძალვას, მეორე კი მედია ორგანიზაციებს თვითრეგულირების ფუნქციას ართმევს და კომუნიკაციების კომისიას სამაუწყებლო კონტენტის კონტროლის ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ამოქმედების შემთხვევაში, ეს ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილებას მიანიჭებს, რომ განიხილოს ის საკითხები, რომლებიც ადრე თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა, და დაუწესოს ჯარიმები ტელევიზიებსა და რადიოსადგურებს.

25 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, TI საქართველომ აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანია „დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიზანია გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.

ორგანიზაციის თქმით, ცვლილებების კიდევ ერთი მიზანია  გააფართოვოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები.

პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ცვლილებებით მინიმუმამდე მცირდება თვითრეგულირების მექანიზმის როლი, ხოლო კომუნიკაციების კომისიის როლი იზრდება. „ეს კი ნიშნავს, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტიურად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფართოვდება მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში. „ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას“, – აცხადებს TI საქართველო.

ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს ცენზურის შემოღებას და შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას კრიტიკული არხების პროდუქციაზე, ხოლო ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, „ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოთქმული კიდევ ერთი შეშფოთება ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ საბაბით. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ცვლილებები ითვალისწინებს სპეციალურ დებულებას, რომელიც სავარაუდოდ მიზნად ისახავს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დაცვას. თუმცა, „სინამდვილეში მისი ნორმები მეტისმეტად ბუნდოვანია და შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი“.

„პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის, და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ინიცირებული ცვლილებების კიდევ ერთი მიზანი არის „შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით“. „თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სრულად წაიკითხეთ სტატია