SJC-მა სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 11 მომიტინგის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარადგინა

Civil Georgia 1 თვე წინ 30
SJC-მა სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 11 მომიტინგის საქმეებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარადგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 11 პირის სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებსაც ბრალად ედებათ 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარადგინა. ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, კრიტიკულად შეაფასოს ბრალდებულების ქმედებების განზრახვა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ადეკვატურობა და ბრალდებების საფუძვლად არსებული პოტენციური პოლიტიკური მოტივაცია.

ბრალდებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს,  ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს, ირაკლი ქერაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევსს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს – პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას (4-6 წლით თავისუფლების აღკვეთა) და მასში მონაწილეობას (2-5 წლით თავისუფლების აღკვეთა) გულისხმობს.

ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს შეაფასოს არის თუ არა სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, დანაშაულთან დაკავშირებით მითითებების გაცემის, ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვისა და მათზე კონტროლის განზრახვა გააჩნდათ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ხაზი გაუსვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კონტექსტს და განაცხადა, რომ საჭიროა იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა სისხლის სამართლის საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებების ბოროტად გამოყენებას.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის მიზანი არის აკრძალოს ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რაც უკავშირდება უფლებების შეზღუდვას სხვადასხვა ქვენაგრძნობებით“, – აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ ეს მუხლი შემუშავებულია  იმ მიზნით, რომ დემოკრატიის შენარჩუნებას და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი და იმავდროულად დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები ტოტალიტარიზმისგან გამოწვეული საფრთხისგან.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ბრალდებულები მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულ მიზეზებზე საუბრობენ და აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და რომ ისინი მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ისჯებიან.

სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაციამ მოუწოდა სასამართლოს, შეადაროს ამ საქმეების საგამოძიებო პრაქტიკა სისხლის სამართლის სხვა პროცესებს და შეაფასოს ბრალდებულების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი საფუძვლები და პროპორციულობა.

„ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს წარდგენილ დოკუმენტს, მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და თავიდან იქნება აცილებული ბრალდებულების უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოყვა, რამაც 50-ზე მეტი ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა გამოიწვია. მათი უმეტესობა პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა. 11 დაკავებულის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. საქმეები ამჟამად არსებითი განხილვის ეტაპზეა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია