RSF საქართველოში ფრანგი ჟურნალისტების არშემოშვებას დაშინების მიზანმიმართულ სტრატეგიად აფასებს

Civil Georgia 1 კვირა წინ 6
RSF საქართველოში ფრანგი ჟურნალისტების არშემოშვებას დაშინების მიზანმიმართულ სტრატეგიად აფასებს

პრესის თავისუფლების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)“ დაგმო ფოტოგრაფ ჟერომ შობოსა და ჟურნალისტ კლემონ ჟირარდოსთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა. ორივე მათგანი ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ აქციებს ინტენსიურად აშუქებდა. ორგანიზაციამ ევროკავშირსა და საფრანგეთს „საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ“ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში, კლემონ ჟირარდოს შემოსვლაზე უარი 2025 წლის 12 თებერვალს, ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე უთხრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო სასამართლო მოსმენა 23 ივნისს ჩაინიშნა, აცხადებს RSF-ი. ამავე ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა დაგმო სამართლო პროცესში არსებული სერიოზული ხარვეზები და ჟურნალისტების ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციული დარღვევა.

10 აპრილს მედიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ფოტოჟურნალისტმა ჟერომ შობომ შეიტანა საჩივარი საქართველოს საზღვარზე მისი თვითნებური გაძევების წინააღმდეგ. ორი თვის წინ იგივე აკრძალვა კლემონ ჟირარდოსაც შეეხო. როგორც იტალიური სააგენტო NurPhoto-ს თავისუფალი ფოტოგრაფი, ჟერომ შობო ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აშუქებდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სანამ ცოტა ხნით საფრანგეთში დაბრუნდებოდა. როდესაც 30 მარტს თბილისში ხელახლა შემოსვლა სცადა, აეროპორტში გააჩერეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელეფონზე და ბარგზე წვდომის გარეშე დააკავეს, შემდეგ კი ათენში გააბრუნეს. მესაზღვრეებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მტკიცებულებების გარეშე 5 000-ლარიანი ორი ჯარიმის დაუყონებლივ გადახდა მოსთხოვეს. მოგვიანებით კი ოფიცერმა უთხრა მას, რომ ქვეყანაში შემოსვლას გადახდის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებდა, რადგან ასეთი ბრძანება „ზემოდან“ ჰქონდა მიღებული.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ დაგმო „რეპორტიორების დაშინების მიზანმიმართული სტრატეგია” ქვეყანაში პრესის თავისუფლებისა და მედიის მიმართ რეპრესიებთან დაკავშირებით არსებული მზარდი შეშფოთების ფონზე და განაცხადა, რომ „RSF მკაცრად გმობს ამ შეურაცხმყოფელ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას დაიცვას საქართველოს მიერ პრესის თავისუფლების კუთხით აღებული ვალდებულებები და მიმართავს საფრანგეთსა და ევროკავშირს ზეწოლა განახორციელონ საქართველოს ხელისუფლებაზე“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟირარდო, რომელიც საერთაშორისო ბეჭდურ გამოცემებთან მუშაობდა, როგორიცაა Le Monde, Society და Al Jazeera, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს საპროტესტო აქციებსა და მათ დარბევებზე იყო ფოკუსირებული. „შეიძლება სწორედ ამან უბიძგა ხელისუფლებას „წითელ სიაში“ შევეყვანე“, – აცხადებს RSF ჟირარდოს სიტყვებზე დაყრდნობით. 12 თებერვალს, საფრანგეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული ჟირარდო საპასპორტო კონტროლთან გააჩერეს, პოლიციის ოფიცერმა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაიბარა და ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნა, შემოსვლაზე უარის მოტივად კი „სხვა მიზეზები“ დაასახელა. მართალია ჟურნალისტი საფრანგეთის საელჩოსა და ადგილობრივი ადვოკატის მეშვეობით ცდილობდა მეტი ინფორმაციის მიღებას, საქართველოს ხელისუფლებას მისი გაძევების რეალური მიზეზი არ დაუსახელებია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ აკრძალვები ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებილი თვითნებური შეზღუდვების მაჩვენებელია. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ, მზარდი რეპრესიების სამიზნეები გახდნენ. ფრანგ ჟურნალისტებამდე, არჩევნების წინ საქართველოს საზღვარზე შემოსვლის უფლება არ მისცეს ჩეხ ჟურნალისტს რეი ბეისლის და შვეიცარიელ ფოტოჟურნალისტ სტეფან გოსს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია