Rooms Abastumani-ს გახსნა 2026 წელს იგეგმება – „აჭარა ჯგუფი“

News.ge 6 საათი წინ 2
Rooms Abastumani-ს გახსნა 2026 წელს იგეგმება – „აჭარა ჯგუფი“

„აჭარა ჯგუფი“ Rooms-ის ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს გახსნას აბასთუმანში 2026 წელს გეგმავს.
სასტუმროს გახსნა თავდაპირველად 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა კურორტზე მდებარე სასტუმრო პროექტები სახელმწიფოს ხედვის მიხედვით, კურორტის განახლების დასრულების შემდეგ გაიხსნება. ამგვარად Rooms Abastumani-ს ამოქმედების თარიღმაც 2026 წლისთვის გადაიწია.
როგორც „აჭარა ჯგუფში“ BM.GE-ის განუცხადეს, კომპანიის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, მათი მიზანი რეგიონში ერთ საკვანძო ობიექტზე კონცენტრირებაა და ისტორიული სანატორიუმი „არაზინდო“ აბასთუმანში სწორედ ასეთი პროექტია.
„სტრატეგიულად გადავწყვიტეთ, კომპანიაში არსებული რესურსი რეგიონში მხოლოდ ერთ პროექტზე, კერძოდ Rooms Abastumani-ს განვითარებაზე მივმართოთ, რომლის გახსნაც 2026 წელს არის დაგეგმილი.
ამ დროისთვის Rooms Abastumani-ს გახსნისთვის აქტიურად ვემზადებით. ეს იქნება სრულიად ახალი მიმართულება — უნიკალური ადგილმდებარეობით, ისტორიული კონტექსტითა და გამორჩეული ბრენდის გამოცდილებით”, – განაცხადეს „აჭარა ჯგუფში“.
Rooms Abastumani-ს პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ 550 ათასი დოლარია. სასტუმროში 76 ოთახთან ერთად რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები მოეწყობა. პროექტი 150-მდე სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.
“აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანია “რუმს ჰოტელსი” საქართველოს მასშტაბით Rooms-ის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ყაზბეგში და ბათუმში მართავს, მისი მართვის ქვეშ იყო ბაკურიანში 2019 წლის შემოდგომიდან გახსნილი Rooms Kokhta Bakuriani-ც, რომელიც 95 ნომერსა და 70 აპარტამენტს აერთიანებს. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, „ლაუნჯ“ ბარი“, საცურაო აუზი, სპორტულ დარბაზი და ტერასა 360 გრადუსიანი ხედით.
5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „სილქ როუდ ჯგუფმა“, ბაკურიანში „აჭარა ჯგუფის“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვას და განვითარებას „სილქ ჰოსფითალითი“ გადაიბარებს. “აჭარა ჯგუფისგან” Rooms-ის ქსელის სასტუმროს შეძენის შესახებ ინფორმაცია “სილქ როუდ ჯგუფმა” გაავრცელა, სადაც გარიგების დეტალები აღნიშნული არ იყო. ამ დროისთვის, უცნობია ისიც, რომელი ბრენდით გააგრძელებს სასტუმრო ოპერირებას.
ყოფილი სასტუმროს გაყიდვას “აჭარა ჯგუფში” სტრატეგიის ცვლილებით ხსნიან და აცხადებენ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთი პროექტის განვითარებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

სრულად წაიკითხეთ სტატია