10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო სახელწოდებით „საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჯერ კიდევ არარატიფიცირებული უფლებამოსილების არსებითი საფუძვლით გასაჩივრების თაობაზე“. რეზოლუციას ასამბლეის 89 წევრმა დაუჭირა მხარი, 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 5-მა კი თავი შეიკავა. ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლება „სწრაფი დემოკრატიული უკუსვლის“ გამო გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ მმართველობის მუდმივმა გაუარესებამ შესაძლოა ორგანიზაციაში ქვეყნის პოზიცია შეარყიოს.
რეზოლუციას წინ უძღოდა 2585-ე რეზოლუცია (2025), რომელმაც მანამდე ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებები, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების შესახებ არსებული წუხილების გამო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სინანულით აღნიშნა, რომ დელეგაციის მანდატების რატიფიცირების მიუხედავად, შემდგომში მისმა ყველა წევრმა დატოვა თანამდებობა, რის გამოც ქვეყანა ასამბლეაში წარმომადგენლობის გარეშე დარჩა – ეს ნაბიჯი მან დიალოგზე უარის თქმად და ვალდებულებების დარღვევად შეაფასა.
„ასამბლეის აზრით, დელეგაციის მანდატებდამტკიცებული წევრების მონაწილეობა მის მუშაობასა და მონიტორინგის პროცედურებში არის არა არჩევანი, არამედ – ვალდებულება“, – აცხადებს PACE.
ასამბლეის მთავარ წუხილებს შორისა საქართველოს ხელისუფლების მიერ საარჩევნო რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ გადაუდებელი რეკომენდაციების შეუსრულებლობა და „ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე“ უარის თქმა. ასამბლეამ გააკრიტიკა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიის თქმით, მმართველი პარტიის ძალაუფლებას გაამყარებს და პოლიტიკურ პლურალიზმს ძირი გამოუთხრის. ასამბლეამ ამ ცვლილებების გაუქმებისა და დამოუკიდებელი ორგანოს ზედამხედველობით საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისკენ მოუწოდა.
ამასთან, ასამბლეა „შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომლითაც მცირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის საჭირო ხმების რაოდენობა და უქმდება სამართლებრივი მოთხოვნები დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რითაც კიდევ უფრო ილახება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა“.
არჩევნების დღეს დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილებაში ცვლილებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ასამბლეამ მოუწოდა ცესკოს „გააუქმოს ეს შეზღუდვები, რადგან ისინი გავლენას ახდენენ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.
აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაკავება კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ასამბლეამ ხაზი გაუსვა წინასწარი პატიმრობის გამოყენებას საეჭვო საფუძვლებით და დაგმო ოპოზიციის ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ არასათანადო მოპყრობა. ასამბლეამ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ მონიტორინგის განხორციელებისკენ მოუწოდა.
„ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია იმის გამო, რომ დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკე დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული, რამაც დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ახალ ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც ნაჩქარევად და კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი აქვთ.
ყურადღების ცენტრში საქართველოს მედიაგარემოც მოექცა. ასამბლეის ინფორმაციით, პრესის თავისუფლების რეიტინგში დრამატული ვარდნა მოხდა, რასაც ის უკავშირებს კანონმდებლობას, რომელიც მედიასაშუალებების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას ზღუდავს და კონტენტზე სახელმწიფო კონტროლს აფართოებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯები დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საფრთხეს უქმნის.
საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო კანონები, რომლებიც საჯარო მოხელეების დაცვის მექანიზმებს ამცირებს და ხაზი გაუსვა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ შურისძიების შემთხვევებს. ასამბლეამ ასევე დაგმო საჯარო მოხელეთა ახლადშექმნილი დამოუკიდებელი პროფკავშირის რეგისტრაციაზე უარი.
ასამბლეამ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააუქმოს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. მან ასევე გამოხატა შეშფოთება FARA-ს და იმ კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონშემოქმედების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას გამორიცხავს. ასამბლეამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ეს კანონმდებლობა მიიღოს“ და დასძინა, რომ მიღებული კანონმდებლობა უნდა გაუქმდეს.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი „მემკვიდრეების“ აკრძალვის მუქარა ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების „უხეშ დარღვევას“ წარმოადგენს.
განხილვისას დამატებული ერთი შესწორება კონკრეტულად გამოხატავდა შეშფოთებას იმის გამო, რომ ასამბლეის ყოფილი დელეგატები დაიკითხნენ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ 2008 წელს რუსეთთან ომის შესახებ რეზოლუციაზე ხმის მიცემის გამო – ამგვარი ქმედება ღრმად შემაშფოთებლად იქნა მიჩნეული.
რეზოლუციის თანახმად, არსებული მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ რომელიმე ახალი ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება განხორციელდეს ასამბლეის მომავალ სხდომებზე, თუ მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელდება. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს წინა რეკომენდაციები და სრულად განაახლოს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/01/2025 – PACE საქართველოს დელეგაციის წევრთა მანდატების რატიფიცირებას ახალი არჩევნებისა და ‘ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების’ პირობით დათანხმდა
- 28/01/2025 – PACE-ს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის მანდატების პირობით რატიფიცირებას სთავაზობს
- 28/01/2025 – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა
- 27/01/2025 – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა