ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს, მაგრამ გარკვეული პირობებით, რომელიც მოიცავს ახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში რატიფიკაციის გადაწყვეტილება ხელახლა იქნება განხილული ასამბლეის 20-25 აპრილის სხდომაზე.
საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებაზე პლენარულმა სხდომამ დღეს, 29 იანვარს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
საქართველოს დელეგაციის მანდატები PACE-ს 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს არსებითი საფუძვლებით გასაჩივრდა.
PACE-ს რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ არჩევნების შემდგომი მოვლენები საქართველოში, მათ შორის „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა“, ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს. „ამიტომ, ასამბლეას ესაჭიროება ხელისუფლების მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ჭეშმარიტად მზად არიან შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ თავიანთი წევრობის ვალდებულებები“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელიც ორი ვარიანტს მოიცავს.
კომიტეტის რეზოლუციის პროექტი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება განხორციელდეს „როგორც სიგნალი, რომ ის ღიაა დიალოგის გასაგრძელებლად”, თუმცა იქვე დასძენს, რომ ასამბლეა აპრილში მომდევნო სესიაზე ხელახლა განიხილავს მანდატების საკითხს და რატიფიკაციისთვის პირობებს დაადგენს. რეზოლუციის პროექტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას“. ის ასევე დაჟინებით მოითხოვს „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებას, პოლიციის სისასტიკის დასრულებას და ადამიანის უფლებების დარღვევევის გამოძიებას.
ამავდროულად, კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ დელეგაციის წევრებს ჩამოერთვათ რამდენიმე უფლება „როგორც მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ის გმობს პოლიციის სისასტიკეს და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს, რაც აქამდე ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ“. შეჩერებული უფლებები მოიცავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების, მათ შორის არჩევნების მონიტორინგის კომიტეტის სრულუფლებიანი წევრობისა და მომხსენებლად დანიშვნის უფლებებს.
ასევე წაიკითხეთ: