ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 3 ოქტომბერს წერილობითი დეკლარაცია გაავრცელა, რომელსაც ასამბლეის წევრები აწერენ ხელს და რომელიც შეშფოთებას გამოხატავს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის მმართველი პარტიის აშკარა მზადების თაობაზე.
დეკლარაციაში ნათქვამია: „საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომლებიც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება“.
დეკლარაცია კონკრეტულ ინფორმაციაზე მიუთითებს, რომელიც ეხება ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების დაშინებას და მათი ოჯახების დევნას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ „ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს ოპოზიციის აქტივისტებზე“.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ამომრჩევლებს აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დაცული და რომ „მთავრობა გაიგებს, როგორ მიეცი ხმა და ამას შედეგები მოყვება“.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბევრ ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფს, ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით და ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ძალაში შესვლამდეც კი, თავიანთი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ ეძლევა. ხელმომწერთა თქმით, ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლქვეშ მოექცა.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „მსგავსმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება“. ხელმომწერთა თქმით, „არჩევნების შედეგის საერთაშორისო აღიარების მისაღწევად, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალოს კურსი“.
დეკლარაციაში ხაზგასმულია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, გადამწყვეტი როლი, რათა „საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“.