ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლებმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს იმის გამო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა შეწყვიტოს არჩევნებზე დაკვირვება მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო“, – აცხადებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს მოახლოებულ არჩევნებს აკვირდება, იულიან ბულაი.
„ეს, როგორც ჩანს, ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ‘სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომელთაც არჩევნებზე დაკვირვების დიდი ხნის და ფართო გამოცდილება აქვთ, შესაძლოა ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება’. ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის მიმართ“, – აცხადებენ ისინი.
„ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ისევე როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაკვირვება, მათი მუშაობის შეფერხების ან მასში ჩარევის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ: