MDF: აუდიოჩანაწერი საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიუთითებს

Civil Georgia 5 თვის წინ 118
MDF: აუდიოჩანაწერი საქართველოს არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მიუთითებს

საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოში ფაქტების შემოწმების პლატფორმის „მითების დეტექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც 29 ოქტომბერს რუსული ტელეგრამის არხზე „ქართველი გამვლელი“ (Грузинский прохожий) გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს აანალიზებს. ჩანაწერში პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც გიორგი თაქთაქიშვილი, მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ ხელმძღვანელი, ესაუბრება ეუთოს/ოდირის სპიკერს, კატია ანდრუშს და ურჩევს მას, რომ „ქართული ოცნებისგან“ შეთავაზებულ ქრთამზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი „მას ქვეყნიდან არ გაუშვებს“.

საპასუხოდ, ეუთო/ოდირის სპიკერი, ინფორმაციის წერილობით მიწოდებას სთხოვს და პირს თავის  ელექტრონული ფოსტის მისამართს კარნახობს, წერს „მითების დეტექტორი“.

კატია ანდრუშმა „მითების დეტექტორს“ დაუდასტურა, რომ ასეთი ზარი არჩევნების წინ მიიღო. თაქთაქიშვილი უარყოფს მსგავსი ზარის განხორციელებას და აცხადებს, რომ მისი ხმა სრულიად განსხვავდება იმ პირისგან, რომელიც აუდიოჩანაწერში საუბრობს. თაქთაქიშვილის თქმით, ჩანაწერში, მისი სახელით მოსაუბრე პირი ინგლისურად არასწორად ამბობს იმ ორგანიზაციის სახელსაც, რომელსაც ის წარმოადგენს. რეალურად, ორგანიზაციას „აირჩიე ევროპა” (Vote For Europe) ჰქვია, აუდიო ჩანაწერში კი, გიორგი თაქთაქიშვილად იდენტიფიცირებული პირი Vote For Europe-ის ნაცვლად,  Choose Europe-ს ამბობს.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ფეისბუქის პოსტში, რომელმაც ჩანაწერები გაავრცელა, ნათქვამია, რომ მსგავსი შინაარსის „სატელეფონო ტერორის აქტები“ სხვა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიმართაც განხორციელდა. „მითების დეტექტორის“ თქმით, მხოლოდ ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლისგან მიიღო დადასტურება, რომლის თქმითაც, მას, სავარაუდოდ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაურეკეს, მაგრამ როდესაც სადამკვირვებლო მისია ცესკოს დაუკავშირდა, კომისიამ უარყო მსგავსი ზარის განხორციელება.

იმის გასარკვევად, შეინიშნებოდა თუ არა აუდიო ჩანაწერზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვალი და ასევე, შეესაბამებოდა თუ არა ჩანაწერში მოსაუბრე პირის ხმა გიორგი თაქთაქიშვილის ავთენტიკურ ხმას, „მითების დეტექტორმა“  ოთხ სპეციალიზირებულ ორგანიზაციას (Mantis Analytics, Witness, Deepfakes Analysis Unit, Validia) მიმართა, რომლებიც აუდიო ჩანაწერების გადამოწმებასა და Deepfake ტექნოლოგიების ამოცნობაზე მუშაობენ.

ექსპერტების აზრით, გამოვლენილია ისეთი ანომალიები, როგორიცაა არაბუნებრივი პაუზები და ხარვეზები, რაც პოტენციურ რედაქტირებაზე ან სინთეზურ მოდიფიკაციაზე მიანიშნებდა. მეტამონაცემების მიმოხილვით დადგინდა, რომ  ფაილი შეიქმნა გარე პროგრამულ უზრუნველყოფაში, რაც დამატებით ვარაუდობს შესაძლო რედაქტირებას.

რუსულ Telegram-ის არხზე ვიდეოს გამოქვეყნება და ის ფაქტი, რომ ზარები განხორციელდა სტეფანწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსეთთან ლარსის სასაზღვრო პუნქტი მახლობლად, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თამარ კინწურაშვილს იმის მტკიცების საფუძველს აძლევს, რომ ეს არის სავარაუდო რუსული სპეცოპერაცია. მისი თქმით, ეს ინციდენტი ხაზს უსვამს რუსეთის მცდელობებს ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში. კინწურაშვილი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული მსგავსი ოპერაციები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ადგილობრივი აქტივისტების, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლების დაშინებას.

„რუსეთს არ დაუკარგავს ინტერესი, რომ ჩაერიოს ქართულ არჩევნებში. მათი მხრიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ანტირუსული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში“, – ამბობს თამარ კინწურაშვილი და დასძენს, რომ ტელეგრამი არის პლატფორმა, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია