JWT METRO-ს კრეატიული დირექტორის, ეკა ყიფიანის განცხადებით, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე “სააგენტო ფაქტობრივად დაიშალა”.
ყიფიანი ფორმულასთან საუბრისას განმარტავს, რომ მათ სააგენტოს ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპის გადაღებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღნიშნავს, რომ METRO-ს დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილებას, ჩართულიყო ვიდეორგოლის შექმნაში, არ ეთანხმებიან.
ყიფიანის თქმით, პროექტის შესახებ სააგენტოს თანამშრომლებმაც გუშინ გაიგეს.
“ეს ვიდეორგოლი არ გადაღებულა სააგენტოს ფარგლებში. შესაბამისად, არც არავის დაუძალებია ჩვენთვის არასდროს, რამე რომ გაგვეკეთებინა, ან არ გაგვეკეთებინა. ჩვენ ერთად ვნახეთ გუშინ. ახლა რომ ტყდება ყველაფერი ერთ ადამიანზე, რომელმაც ყველაფერი თავის თავზე აიღო, დანარჩენები იმალებიან. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ არასწორად მოგვექცა და ვერ ვეთანხმებით მაგ გზაში და არ აქვს მნიშვნელობა, ვერ გავაგრძელებთ ასე მუშაობას.
არ მინდა, იფიქროთ, რომ ჩვენ მას ცეცხლში ვაგდებთ. ყოველ შემთხვევაში ის ერთადერთი მაინცაა, ვინც გამოვიდა და თავის თავზე აიღო, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული ამ პროექტში. ამისთვის მადლობას ვუხდი მას. ვიდეო ხომ მარტო არ კეთდება, ერთი ადამიანის ჩართულობით? ამ ადამიანს არც კამერა აუღია და არც რეჟისორი ყოფილა… მადლობა მას, რომ ჩვენ არ შეგვეხო ეს პროექტი, მაგრამ მეორე მხრივ, არ გამოდის…
ჩვენი სააგენტო, ფაქტობრივად, დაიშალა… ყველაფერი ხანდახან უკეთესობისთვისაც ხდება”- აცხადებს ყიფიანი.
მას შემდეგ, რაც ბოჭორიშვილმა დაპოსტა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ.