სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 7 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა მის მიერ გამოვლენილი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ, რომელიც სქესის მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების ანალიზისას გამოვლინდა. ორგანიზაციის შეშფოთება ეხება კაცი და ქალი ამომრჩეველლების რეგისტრირებულ რაოდენობასა და იმ ამომრჩეველთა რაოდენობას შორის სხვაობას, რომლებიც რეალურად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, განსხვავებით ცესკოს ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში ასახული მაჩვენებლებისგან.
ცესკოდან მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადგინა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლების აქტივობა 80-დან 100 პროცენტამდეა, ქალი ამომრჩევლების საშუალო აქტივობა 57%-მდეა. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება. კერძოდ, მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოცემულ საარჩევნო უბნებზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე 100%-ზე მაღალია, რაც, ISFED-ი თქმით, „მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს“.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადგინა, რომ:
- 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია. მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლების მეტობითაა გამოხატული, 32 საარჩევნო უბანზე კი – ქალი ამომრჩევლების;
- მოცემული 275 უბნიდან, 67 საარჩევნო უბანზე კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონე ქალებისას 30-ზე მეტი პროცენტული პუნქტით სჭარბობს, 12 საარჩევნო უბანზე კი ამდენივე პროცენტული პუნქტით აღემატება არჩევნებში გამოცხადებული ქალების წილი კაცებისას;
- 23 საარჩევნო უბანზე გამოცხადებული კაცი ამომრჩევლების რიცხვი ერთიან სიაში რეგისტრირებული კაცი ამომრჩევლების რაოდენობას აღემატება. მათ შორის, სულ მცირე 6 საარჩევნო უბანზე მისული კაცი ამომრჩევლების წილი 100%-ზე მაღალია იმ თეორიული დაშვებითაც კი, თუ მოცემულ უბნებზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებული ყველა ამომრჩეველი კაცი იყო.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე გამოავლინა არაერთი აუხსნელი შეუსაბამობა ცესკოს მიერ მოწოდებულ მონაცემებშიც. კერძოდ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული იყო 961 751 ქალი და 1 098 661 კაცი, თუმცა გაანხლებული მონაცემებით, გამოცხადებული ქალი ამომრჩევლების რაოდენობა 1 053 662 -ს (თავდაპირველზე 91 911-ით მეტი), ხოლო კაცების 1 009 686-ს (თავდაპირველზე 88 975-ით ნაკლები) უტოლდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, კერძოდ 10 საარჩევნო ოლქში, შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. მათ შორის მაქსიმალური აცდენა გამოვლინდა #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც ცესკოს 26 ოქტომბრის ინფორმაციით, გამოცხადებული იყო 41 766 ამომრჩეველი, თუმცა ბოლოს მიღებული მონაცემებით ფიქსირდება 43 858 ამომრჩევლის გამოცხადება. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე აღარ იძებნება, იმავე ბმულზე კი ატვირთულია აქტივობის განახლებული მაჩვენებლები.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია ამომრჩეველთა სპეციალური სიების შესახებ. „აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია განახლებულ და საბოლოო შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მონაცემი არ შეესაბამება ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ასახულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.