საერთაშორისო ჟურნალისტები, საინფორმაციო სამსახურები, პრესის თავისუფლების დამცველები, უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. „საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოხსნას მის მიმართ წაყენებული არაპროპორციული ბრალდებები და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს“, – განაცხადა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI) 20 თებერვალს.
IPI-მ ამაღლობელის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო. ამ დროისთვის ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებას 84 ორგანიზაცია და 200-ზე მეტი ფიზიკური პირი აწერს ხელს. მხარდაჭერის განცხადება კვლავ ღიაა ხელმოწერებისთვის.
IPI-მ ასევე ხაზი გაუსვა ამაღლობელის ჯანმრთელობის აღსადგენად „ხანგრძლივი რეაბილიტაციის“ აუცილებლობას და მოითხოვა, რომ ის „ციხეში არ უნდა დაბრუნდეს“. „ჩვენ გვერდში ვუდგავართ მზია ამაღლობელს, მის კოლეგებს „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთში“ და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს“, – ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.
IPI ასევე აღნიშნავს, რომ მზიას დაკავება „მოხდა დემოკრატიული პროტესტის სასტიკი ჩახშობისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაციის დროს“.
IPI-ის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელმა თავისი კარიერის განმავლობაში ურყევი გამბედაობა და მტკიცე ვალდებულება აჩვენა დემოკრატიული პრინციპების დაცვის, პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის კუთხით.
ამაღლობელი 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მან შიმშილობა დაკავებისთანავე დაიწყო და 18 თებერვალს შეწყვიტა. მანამდე, 17 თებერვალს, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მოუწოდა მის ოჯახს და კანონიერ წარმომადგენლებს, დაერწმუნებინათ იგი შეეწყვიტა შიმშილობა „ფატალური შედეგის“ თავიდან ასაცილებლად.
ამაღლობელი მედიის პირველი წარმომადგენელი არ არის, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამიზნე გახდა. 2024 წლის ნოემბერში პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის არაერთ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააპატიმრეს ან დააჯარიმეს.
ამ მოვლენების საპასუხოდ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) გლობალური ქსელის წევრებმა და მისმა დამოუკიდებელმა მედია ქსელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 13 დეკემბერს მკაცრად დაგმეს საქართველოში საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე მიზანმიმართული ძალადობრივი თავდასხმები. მათ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ზრდის გამო, „როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების, ისე კერძო პირების მხრიდან“.
ასევე წაიკითხეთ: