ლგბტი პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ILGA-Europe-ის 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მძიმე სურათს ასახავს. ანგარიში დეტალურად აღწერს თავისუფლებების შელახვის, მზარდი დისკრიმინაციისა და მზარდი მიგრაციის შემთხვევებს, რაც შიშითა და დაუცველობის შეგრძნებითაა გამოწვეული. ძირითად წუხილებს შორისაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული სადავო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ და ანტი-ლგბტ კანონი, ასევე სიძულვილის ენის გამოყენების მზარდი შემთხვევები და გაუარესებული პოლიტიკური გარემო.
სადავო კანონები და მათი გავლენა
ILGA-Europe აფრთხილებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სადავო კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2024 წლის მაისში მიიღო, საფრთხეს უქმნის ლგბტი პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობას, რადგან ორგანიზაციები შიშობენ, რომ კანონის შესაბამისად დარეგისტრირება ხელისუფლებას მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებს. ვინაიდან ყველა მათგანმა უარი თქვა რეგისტრაციაზე, ეს ფინანსური ჯარიმებისა და პოტენციური გაკოტრების შესახებ წუხილებს იწვევს, რამაც შესაძლოა ეს თემი მეტ იზოლაციაში მოაქციოს, აცხადებს ორგანიზაცია. „გარდა ამისა, ანტი-ლგბტი კანონმა გამოიწვია ნდობისა და უსაფრთხოების დაკარგვა, რომელიც ლგბტი თემს სერვისების მოსაძიებლად ესჭიროება“, – აღნიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაცია.
ლგბტი პირთა მიგრაციის ზრდა საკანონმდებლო შეზღუდვების ფონზე
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დიდი რაოდენობით ლგბტი ქართველები ქვეყანას ტოვებენ, ხოლო სათემო ორგანიზაციები თავშესაფრის მაძიებელთა „მნიშვნელოვან ზრდაზე“ საუბრობენ. თუმცა, ILGA-Europe გამოთქვამს შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ასახელებს საქართველოს როგორც „უსაფრთხო ქვეყანას“, რაც ლგბტი პირებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფას ართულებს.
მიკერძოებით გამოწვეული საუბარი
ILGA-Europe დოკუმენტებით ადასტურებს, რომ ანტილგბტი რიტორიკა მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად რჩება, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლგბტი უფლებებს დასავლეთის მიერ თავსმოხვეულად ასაღებს. ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლიბერალები ბოლშევიკებს შეადარა“ და განაცხადა, რომ ლიბერალები ქრისტიანობასა და ეროვნულ იდენტობას „ლგბტ პროპაგანდით“ ებრძვიან და დასძინა, რომ დასავლეთი „ლგბტ პროპაგანდას“ ეროვნული იდენტობის შელახვის მიზნით ეწევა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს საარჩევნო ობსერვატორიის მიგნებები, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის წევრები ხშირად უკავშირებენ ლგბტქ+ უფლებებს დასავლურ გავლენას და უფრო ფართო ნაციონალისტური ნარატივის ნაწილად წარმოადგენენ.
მიკერძოებით გამოწვეული ძალადობა და უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეები
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2024 წელს ლგბტი პირების მიმართ ძალადობა გაუარესდა. სიტუაციის სიმძიმეს ხაზს უსვამს ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობა ანტი-ლგბტი კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთ დღეში. გარდა ამისა, ცნობილ ტრანსგენდერ აქტივისტს ნატა ტალიკიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო „თბილისის პრაიდის“ ოფისი 2024 წელს არაერთხელ დაარბიეს, ნათქვამია ანგარიშში.
განათლების შეზღუდვა და ინსტიტუციური დისკრიმინაცია
ILGA-Europe გმობს ანტი-ლგბტი კანონს გენდერისა და სექსუალობის შესახებ საგანმანათლებლო კონტენტის აკრძალვისთვის და აფრთხილებს, რომ ეს „შექმნის სახიფათო გარემოს ლგბტი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებს ყოვლისმომცველი, ასაკის შესაბამისი სექსუალური განათლების გარეშე დატოვებს“. კანონი ვენეციის კომისიამაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ეწინააღმდეგება განათლების უფლებას და შესაძლოა გაზარდოს ბულინგი, შევიწროება და ჯანმრთელობის რისკები“. გარდა ამისა, კანონი კრძალავს გენდერის ლეგალურ აღიარებას, გენდერული ტრანზიციის პროცედურებს და არაჰეტეროსექსუალური პირების მიერ შვილის აყვანას. ILGA-Europe ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციის ინსტიტუციონალიზება მოახდინა მას შემდეგ, რაც 17 მაისი „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT).
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილება და ევროკავშირის შეშფოთება
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ურთიერთობების გაუარესება დასავლეთთან, რასაც მოყვა ხელისუფლების გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე, სადაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი 49%-ია. ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და პროევროპული გზიდან გადახვევის გამო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებზე. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტი-ლგბტ კანონი, რადგან ის ძირს უთხრის ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს და ზრდის დისკრიმინაციასა და სტიმგატიზაციას, რაც კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზიდან.
გამოხატვის თავისუფლება
როგორც ორგანიზაციამ აღნიშნა, ანტი-ლგბტი კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებს, მათ შორის კრძალავს მასალებს, რომლებიც „პოპულარიზაციას“ უკეთებს ერთი სქესის მქონე პირთა ურთიერთობას და გენდერულ ტრანზიციას. „ამან შეშფოთება გამოიწვია მხატვრებს, მწერლებსა და აკადემიურ წრეებს შორის, რომლებიც შიშობენ, რომ მათი ნამუშევრები მკაცრად შეიზღუდება ცენზურის გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
გავლენა ლგბტ პირთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
ILGA-Europe ხაზს უსვამს ამგვარი პოლიტიკის სერიოზულ შედეგებს ჯანმრთელობისთვის და აფრთხილებს, რომ „კანონი ამძაფრებს სტიგმას და აფერხებს ლგბტი ადამიანების წვდომას ჯანდაცვის ძირითად სერვისებზე“. ანგარიშში მოყვანილია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა უარი თქვა მომსახურებაზე სტიგმის გამო, და აღნიშნულია, რომ ეს პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ ანტი-ლგბტი კანონის ამოქმედებამდე არსებობდა.
პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობის გაუარესება
ILGA-Europe-ის ანგარიში ხაზს უსვამს პოლიციის სისასტიკეს და ჰომოფობიურ დევნას მასობრივი საპროტესტო აქციების დროს. დოკუმენტის თანახმად, „უამრავი ინფორმაცია ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა მომიტინგეების დაკავებისა და დევნის დროს ჰომოფობიური ენა გამოიყენეს“. ამასთან, ანგარიშში კონკრეტულად არის მოხსენიებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, რომელმაც „საჯაროდ გამოიყენა ჰომოფობიური სიძულვილის ენა“.
საზოგადოებრივი აზრი და ლგბტი უფლებების მომავალი
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ანტი-ლგბტი პოზიცია ამ თემის მიმართ ფართო საზოგადოების, სავარაუდოდ, უარყოფითი პოზიციით გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ წარსული ტენდენციები ლგბტი პირების თანდათანობით მიმღებლობას აჩვენებდა, აქტივისტები შიშობენ, რომ ხელისუფლების მიერ მართული სიძულვილის ენის კამპანიები „რთულად მიღწეულ პროგრესს ხელს შეუშლია“, ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციამ.
ILGA-Europe არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 700-ზე მეტ ორგანიზაციას ევროპისა და ცენტრალური აზიის 54 ქვეყნიდან.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2024 – პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა
- 17/09/2024 – პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონმდებლობა მესამე მოსმენით მიიღო
- 04/06/2024 – პარლამენტის თავმჯდომარემ ჰომოფობიური კანონმდებლობა წარმოადგინა
- 19/09/2024 – ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღების ფონზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას მწვავე პროტესტი მოყვა