უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის (HRW) 2025 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებასაც აფასებს, ნათქვამია, რომ საქართველოში 2024 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან გაუარესებას ჰქონდა ადგილი, რაც განპირობებული იყო რეპრესიული კანონმდებლობის მიღებითა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობით. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა. HRW-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტირანა ჰასანის თქმით, ეს სურათი შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს, სადაც „მთავრობები დევნიან და უკანონოდ აპატიმრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს“.
„ხელისუფლებას დაუნდობლად შეყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელიც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ძალიან ნაცნობია ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა. მან მოუწოდა ხელისუფლებას, „შეცვალოს კურსი, გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაუშვას შეკრების თავისუფლება, შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების მიმართ და პასუხისმგებლობა დააკისროს პოლიციას“.
საპარლამენტო არჩევნები
16 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ადამიანის უფლებებათა მდგომარეობის სერიოზული გაუარესება 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების ფონზე მოხდა, როდესაც ხელისუფლებამ კონსტიტუციური ვალდებულებების მიუხედავად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. HRW-ის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს პოლიციის მკაცრი პასუხი მოყვა, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენება. „სპეცრაზმმა და ხელისუფლებასთან ასოცირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები სცემეს და დაუსჯელად ერეოდნენ მათ საქმიანობაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
„პოლიციამ სცემა, დაედევნა და დააკავა დიდწილად მშვიდობიანი მომიტინგეები. ცემაში მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან ასოცირებული ძალადობრივი ჯგუფები. რამდენიმე ასეული აქციის მონაწილე უმნიშვნელო სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. ბევრმა პატიმრობაში ცემისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა, ათეულობით ადამიანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა“, – აცხადებს HRW.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ ხელისუფლების მიერ ძალადობრივი ჩახშობის დამოუკიდებელი გამოძიება და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ შეურაცხყოფაზე.
გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისში მიღებულმა სადავო კანონმა უცხოელი აგენტების შესახებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, მძიმე მოთხოვნები დაუწესა. კერძოდ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ს ან მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, კანონი „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს და „ხელისუფლებას უფლებას აძლევს, გამოითხოვოს სენსიტიური პერსონალური მონაცემები ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ“.
ძალადობა აქტივისტებზე
უცხოელი აგენტების შესახებ კანონის საბოლოო მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, HRW-ის თქმით, „სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები შევიწროებისა და დაშინების აშკარად კოორდინირებული კამპანიის სამიზნეები გახდნენ“. ანგარიშში ნათქვამია: „ასობით აქტივისტმა და მათი ოჯახის წევრებმა, მათ შორის ბავშვებმა, არაერთი ანონიმური მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მიიღეს“. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე ქალაქში გამოიკრა ცილისმწამებლური პოსტერები, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები იყვნენ გამოსახულნი, რომელთაც მოღალატეებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენიებდნენ. ამასთან, ანგარიშის თანახმად, აქტივისტებზე ძალადობრივი თავდასხმების სერიას ჰქონდა ადგილი აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, რა დროსაც სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს ეჭვმიტანილი თავდამსხმელების იდენტიფიცირება ან დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ მოწმეები და ხელმისაწვდომი იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობა და მათი დაუსჯელობა
HRW აღნიშნავს, რომ ათიათასობით ადამიანმა გააგრძელა პროტესტი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ის პარლამენტმა აპრილში მიიღო. რამდენჯერმე, პარლამენტის შენობის წინ განსაკუთრებით მასშტაბური აქციის დროს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა დიდწილად არაძალადობრივი მომიტინგეების დასაშლელად. უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ სულ ცოტა ერთხელ, 1 მაისს, რეზინის ტყვიები გამოიყენა. HRW ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ ასობით ადამიანი უმნიშვნელო ბრალდებებით დააკავა, ხოლო სასამართლომ ფორმალური სასამართლო პროცესების შემდეგ ბევრი მათგანი დააჯარიმა. საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებების შედეგად ათზე მეტი ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაშავდა.
გენდერული და ლგბტ საკითხები
ადამიანის უფლებების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა სექტემბერში ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებით, რომელიც HRW-ის ცნობით, „კრძალავს ლგბტ ადამიანების პოზიტიურად მოხსენიებას ლიტერატურაში, ფილმებსა და მედიაში, ასევე სკოლებსა და საჯარო შეკრებებზე“.
HRW იხსენებს, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 2024 წელს, პრაიდის თვის განმავლობაში, ფიზიკური ღონისძიებების გამართვისგან თავი შეიკავეს და ამის მიზეზად პოტენციური ძალადობისა და სიძულვილის რიტორიკის თაობაზე არსებული წუხილები დაასახელეს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილში პარლამენტმა გააუქმა ქალთა სავალდებულო კვოტები, რასაც ვენეციის კომისიისა და ეუთოს კრიტიკა მოყვა.
ბავშვთა უფლებები
ანგარიშში ასევე საუბარია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, სადაც ხაზგასმულია გადაუდებელი ზომების აუცილებლობა რამდენიმე ძირითად სფეროში, რომელთა შორისაა ძალადობა, უგულებელყოფა, სექსუალური ძალადობა და ბავშვთა ექსპლუატაცია. კიდევ ერთი საკითხი, რაც შეშფოთებას იწვევა, ეხება ოჯახში, მინდობით აღზრდისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრის არასაკმარის ზომებს.
შრომითი უფლებები
შრომითი უფლებები კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში, განაცხადა HRW-მ და აღნიშნა, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულაციები სუსტია, მოპარული ხელფასების პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული, სოციალური დაცვა მინიმალურია და ხელფასები ფაქტობრივად დაურეგულირებელია.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/12/2024 – ცრემლსადენი გაზი, წამება და მედლები: HRW საპროტესტოაქციებზე ხელისუფლების პასუხს აკრიტიკებს
- 11/12/2024 – HRW-ის წარმომადგენლები ევროკავშირს საქართველოს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ
- 21/08/2024 – HRW მთავრობას კრიტიკოსებზე თავდასხმების გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს