HRW-ის წარმომადგენლები ევროკავშირს საქართველოს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ

Civil Georgia 1 კვირა წინ 12
HRW-ის წარმომადგენლები ევროკავშირს საქართველოს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ

Human Rights Watch-ის (HRW) წარმომადგენლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც  მოუწოდეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც 16 დეკემბერს საქართველოზე იმსჯელებენ, დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვონ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საქართველოს რეაგირებასთან დაკავშირებით და სანქციები დაუწესონ იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.  

გიორგი გოგია, ასოცირებული დირექტორი და ისკრა კიროვა, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ადვოკატირების დირექტორი, აფრთხილებენ, რომ მთავრობის „სასტიკი“ რეაგირება საპროტესტო აქციებზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული კრიზისის გაღრმავების საფრთხეს ქმნის.

HRW-ის წარმომადგენლები მოუწოდებენ ევროკავშირს გამოიყენოს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ქართველი მომიტინგეების ცემასა და მათ მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„ხელისუფლების დასანქცირება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მზარდი, მოქნილი დემოკრატიული მხარდაჭერის პარალელურად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს შენგენის სავიზო მოთხოვნების დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის და გაზარდოს დემოკრატიის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის.

მიუხედავად საშინაო და საერთაშორისო ზეწოლისა, ხელისუფლება კიდევ უფრო ინტენსიურად არბევს აქციის მონაწილეებს, წერენ ავტორები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები მომიტინგეების წინააღმდეგ, პოლიციამ კი ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტები ცემა და დააკავა.

ავტორები ასევე ხაზს უსვამენ სპეცრაზმისა და „სავარაუდოდ ხელისუფლებასთან ასოცირებული ძალადობრივი“ პირების მიერ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმებს.  

„ევროკავშირმა დაგმო ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები, მაგრამ ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს არჩევნების შემდგომი ძალადობის დამოუკიდებელი გამოძიება ევროპის საბჭოსა და გაეროს ექსპერტების მიერ და მოუწოდოს მათ გამოიკვლიონ ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობისა და წამების მტკიცებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ ისწრაფვის, ევროკავშირის ლიდერებმა მათ უფრო მეტი უნდა აჩვენონ, ვიდრე მორალური მხარდაჭერაა. საჭიროა კონკრეტული და გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა არ მოხდეს საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შემდგომი ესკალაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე 16 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია