
Hermès-ი მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა
ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი აღნიშნული ინდუსტრიის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. მან ეს სტატუსი ასევე ფრანგული LVMH-ისგან გადაიბარა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც გასულ დღეებში აქციების ფასის მნიშვნელოვანი კლების პარალელურად შემცირდა.
Hermès-ის აქციების ღირებულება ერთდღიან ჭრილში, უმნიშვნელოდ, 0.21%-ით გაიზარდა და $2,679-ს გაუტოლდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ $280.87 მილიარდი შეადგინა. ამის საპირისპიროდ, 2025 წლის I კვარტალის გაყიდვების 3%-იანი კლების გამოცხადების პასუხად, 7.82%-ით შემცირდა LVMH-ის აქციების ფასი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $277.35 მილიარდამდე დაეცა.
რაც შეეხება Hermès-ს, მისი აქციების ღირებულება მიმდინარე წლის განმავლობაში 11%-ზე მეტით არის გაზრდილი. ის საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის საბაზრო კაპიტალიზაციით 33-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ფრანგული მოდის სახლი Hermès-ი 188 წლის წინ ტიერი ჰერმესმა დააფუძნა. გასული წლის მონაცემებით, კომპანია 25,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. 2024 წელს Hermès-ის შემოსავალმა 15 მილიარდ ევროს (დაახლოებით 17 მილიარდი აშშ დოლარი) გადააჭარბა, მოგებამ კი 6.2 მილიარდ ევროს (დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარი) მიაღწია.