
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოს თვეში, სხვადასხვა სექტორში, 9 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 71 625 ლარამდე – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ – 30 774 ლარით; შპს „მოტიფი“ – 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე – 600 ლარით; შპს „ლეკი“ – 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე – 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე – 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე – 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე – 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ – 600 ლარით.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
ინფორმაციისთვის: 2025 წელს, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში – 105 000 ლარამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.